|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი: დიდი პატივია, ვიყო „ქართული ოცნების“ გუნდის ნდობით აღჭურვილი მერობის კანდიდატი

ჩემთვის, ადამიანისთვის, ვისი ცხოვრება ამ განსაკუთრებულ ქალაქთან არის გადაჯაჭვული, დიდი პატივია, ვიყო „ქართული ოცნების“ გუნდის ნდობით აღჭურვილი მერობის კანდიდატი, - განაცხადა ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საკუთარ გამოსვლაში ბაგრატის ტაძრის წინ გამართულ წარდგენის ცერერმონიალზე.

"ჩემთვის, ადამიანისთვის, ვისი ცხოვრება ამ განსაკუთრებულ ქალაქთან არის გადაჯაჭვული, დიდი პატივია, ვიყო „ქართული ოცნების“ გუნდის ნდობით აღჭურვილი მერობის კანდიდატი. როცა ვდგევარ ამ ეზოში, ბაგრატის ტაძრის წინ, იმ საკრალურ თუ სიმბოლურ ადგილას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქუთაისისათვის, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებ ამ ქალაქისთვის და ქალაქელებისთვის, თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებით და თქვენი გვერდზე დგომით.

ქუთაისი განსაკუთრებული ქალაქია, ამიტომ ამ ქალაქს სხვანაირი სიყვარული, დაფასება და მოვლა სჭირდება. ეს არის ქართული პოეზიის, სახვითი ხელოვნების, თეატრის, მუსიკის ნამდვილი მექა, ქართული კინემატოგრაფიის აკვანი და ადგილი, საიდანაც მრავალი ტიტულოვანი სპორტსმენი გაიცნო ჩვენმა ქვეყანამ. აქ ამ მიწაზე, ჯერ კიდევ მეთერთმეტე საუკუნის მიჯნაზე შეიქმნა პირველი საგანმანათლებლო კერა - გელათის აკადემია, სხვა ათინად წოდებული. პირველი კლასიკური გიმნაზიაც ქუთაისში დაარსდა - დღევანდელი პირველი საჯარო სკოლა, რომლის კურსდამთავრებული მეც გახლავართ. იმ სტელაზე ჩამოთვლილმა ხალხმა შექმნა ჩვენი თანამედროვე კულტურა, განათლება და ისტორია. ამიტომაც, როცა გვაქვს საუკუნეებით შექმნილი კულტურულ-საგანმანათლებლო სტატუსი მიმაჩნია, რომ მისი გაძლიერება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და ჩვენი პარტიის დამფუძნებელს - ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქუთაისთან დაკავშირებით შორს მიმავალი გეგმები აქვს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მილიარდიანი პროექტი, რომელიც მართლაც უმნიშვნელოვანესია ჩვენს რეგიონში, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე საგანმანათლებლო კუთხით, სულ მალე გახდება მეცნერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი. ალბათ დამერწმუნებით, თითოეული ქუთაისელისთვის საამაყოა, რომ ჩვენმა ქალაქმა ღირსეული ადგილი დაიკავა თანამედროვე განათლების საერთაშორისო რუკაზე.

2021 წელი იქნება განსაკუთრებული წელი კულტურისა და კულტურული ღონისძიებებისათვის. ჩემი დიდი თანადგომა ექნება კულტურის სფეროს თითოეულ წარმომადგენელს და დაწესებულებას, ვინაიდან ჩვენ ქუთაისის ტრადიციებით, კულტურით ცნობილი ისტორიული ტოლერანტობით ახალი გზა უნდა გავჭრათ ევროპაში ეს, ის სფეროა რომელსაც ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ჩემს სამოქმედო გეგმაში და მე, ჩემს გუნდთან ერთად სულ მალე შევუდგები ამის განხორციელებას. აქვე დავეთანხმები ბატონ ზაზას და ვიტყვი, რომ 2021 წელი განსაკუთრებულია ჩვენი ქალაქისთვის იმიტომ, რომ ქუთაისი და საქართველო პირველად უმასპინძლებს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს და ეს ნამდვილად მისასალმებელია. სიამაყით ვიტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებაში ჩემი წვლილიც არის. სწორედ ასეთი საერთაშორისო ფორუმების მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ქალაქი გავხადოთ შესაძლებლობების ქალაქად. ეს შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი და ინფრასტრუქტურულად გამართული ქალაქისათვის და ამის მიღწევა შესაძლებელია განვითარებული ტურიზმით, ჩვენი ულამაზესი, ახალი აეროპორტით და იმ საავტომობილო ქარხნით, რომელიც მოკლე ხანში დაიწყებს ელექტრომობილების წარმოებას. ქუთაისზე ზრუნვისთვის უნდა ვეძებოთ არა განსხვავებული, არამედ ერთმანეთისთვის მისაღები საერთო ინტერესები, შეხების წერტილები, რაც ჩვენი ქალაქის, ჩვენი კუთხის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი. ძლიერი ქუთაისი ძლიერი იმერეთია. ძლიერი იმერეთი, ძლიერი რეგიონები, ეს ხომ ძლიერი საქართველოა. მინდა ისეთი ქალაქი გადავაბარო ჩვენს შვილებს, რომელიც ტრადიციულად იქნება ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველი, განათლებისა და კულტურის ცენტრი, ქართული ურთიერთობების ეტალონი, ხალასი იუმორის აკვანი, იქ, სადაც ახალი გაბრიაძეები, ფალიაშვილები, ბალანჩივაძეები და ანჯაფარიძეები დაიბადებიან. რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს, ბევრ ადამიანს უნდა დავუდგეთ გვერდში. დარწმუნებული ვარ, ჩემი პოლიტიკური გუნდის და ჩემი ქუთაისელების მხარდაჭერით, თქვენი მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ და შევუდგებით ჩვენი ქალაქის აღმშენებლობას. ერთად საქართველოს წარმატებისთვის! თითოეული ქუთაისელის წარმატებისთვის", განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატების წარდგენას პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე ესწრებოდნენ.

ავტორი: ნიუპრესი