|
  • EUR 1 = GEL 3.984
  • USD 1 = GEL 3.3253
|

იოსებ ხახალეიშვილი: იაქტიურეთ, გააკეთეთ თქვენი არჩევანი და ვაკეთოთ საქმე ერთად ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის

 "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მხარდამჭერებს, ხვალ არჩევნების მეორე ტურია და ისევე, როგორც 31 ოქტომბერს, ხვალაც საჭიროა ყველა თქვენგანის აქტიურობა, რათა არჩევნების პერიოდი დასრულდეს და საქმის კეთებაზე გადავიდეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იაქტიურებს ხვალინდელ არჩევნებზე და გამარჯვება ჩვენი იქნება, თუმცა მინდა, რომ მივმართო თითოეულ მოქალაქეს, გააკეთონ საკუთარი არჩევანი, ჩვენ არასოდეს შეგვშინებია კონკურენციის, რადგან საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვართ და ვიცით საზოგადოების განწყობა, მაგრამ მე გამარჯვების შემთხვევაში თითოეული თქვენგანის მერი ვიქნები და მინდა, რომ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მინდა, რომ სტაბილურობას, განვითარებას, წინსვლას მისცეთ ხმა და ერთად დავიწყოთ ქალაქის საკეთილდღეოდ მუშაობა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩემი ძირითადი გზავნილიც ეს იყო - ქუთაისი ყველა ჩვენგანის ქალაქია პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად და მისი კიდევ უფრო განვითარება და მისი წარმატებებიც თითოეული ჩვენგანის უნდა იყოს. ჩვენ არ შეგვიწყვეტია მოქალაქეებთან შეხვედრები, მათ შორის ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში, მე ვიცი ძირითადი საკითხები, რომელზეც მუშაობას დავიწყებთ მალევე, თუმცა არჩევნებში გამარჯვება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი თანამოქალაქეების მოსმენას და აზრის გათვალისწინებას აღარ გავაგრძელებ, პირიქით, მე ყოველთვის ვიქნები თქვენი და ჩვენი ქალაქის სამსახურში. მოგიწოდებთ, იაქტიუროთ, საარჩევნო უბნებზე თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საამაყო ქალაქის კიდევ უფრო მეტი წარმატებებისთვის!", - აცხადებს იოსებ ხახალეიშვილი მიმართვაში.

ავტორი: ნიუპრესი