|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ირმა კვიცარიძე: „ჩემი იქ ყოფნით უფრო მეტს ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის“

ჩვენი თანაქალაქელი ირმა კვიცარიძე, რომელიც ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოღვაწეობს, ცოტა ხნის წინ  ავსტრიელ კოლეგებთან  ერთად საქართველოში ჩამოვიდა. თან ჩამოიტანეს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და საუნივერსიტეტო კლინიკასთან  ერთად განხორციელდება. 

თუ რა პროექტებზეა საუბარი,  ამის შესახებ ინსბრუკის საუნივერსიტეტო  კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმდოქტორ ირმა კვიცარიძე  "ნიუპრესს" ესაუბრა. 

 

- ჩამოვიტანეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკა ძალიან დიდი და საკმაოდ ცნობილი კლინიკაა მთელ  ევროპაში. ძალიან თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი. აქვს  რამდენიმე მნიშვნელოვანი ცენტრი, მათ შორისაა ტრანსპლანტაციის, ონკოლოგიის ცენტრი.  ჩვენი კლინიკის მთავარი მიზანია, იკონტაქტოს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებთან, კერძოდ, საუნივერსიტეტო კლინიკებთან. ამისათვის შეირჩა თბილისის სახელმწიფო სამედიციო უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო კლინიკა. აღსანიშნავია,  სამედიცინო უნივერსიტეტის  რექტორის  ზურა ვადაჭკორიას მონდომება. ის  ძალიან აქტიური პიროვნებაა,  სულ დადის და  ეძებს კონტაქტებს უნივერსიტეტისათვის, მათ შორის იყო ინსბრუკშიც.  

პირველი პროექტი, რომლის განხორციელებაც დაიწყება, არის  საექთნო სკოლა, ეს იქნება სახელმწიფო საექთნო სკოლა.  დიდი სამუშაოები გაიწია წინასწარ, მოხდა იქაური საექთნო სკოლის, რომელსაც უკვე 40 წლის ისტორია აქვს და ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო ფაკულტეტის პროგრამების შეჯერება - გათანაბრება, ანუ   პირველკურსელები უკვე ისწავლიან იქაური პროგრამით. ისინი რომ დაამთავრებენ, მათ ექნებათ არა მხოლოდ საქართველოში აკრედიტებული დიპლომი, არამედ ინსბრუკის საექთნო სკოლის დიპლომი.

იმისათვის, რომ აიღონ იქაური დიპლომი, 2-3 თვე მოუწევთ იქ პრაქტიკის გავლა, რის შემდეგ მიიღებენ იქაური სკოლის დიპლომს.  ეს ჩვენს ახალგაზდებს უკვე შესაძლებლობას აძლევს იმუშაონ არა მხოლოდ ავსტრიაში, არამედ მთელი ევროკავშირის მასშტაბით. ეს ძალიან დიდი პერსპექტივა და რაც მთავარია, ესაა უფასო.  ნებისმიერს,  ვინც  იქნება წარმატებული და გერმანული ენა კარგად ეცოდინება, ეძლევა ეს შანსი.

მეორე პროექტი  თბილისის სახელმწიფო  საუნივერსიტეტო კლინიკასთან განხორციელდება. ჩვენ მათ დავეხმარებით ტელემედიცინით.

-ეს რას ნიშნავს?

- პაციენტი, რომელიც მივა თბილისში,  ჩვენ მივიღებთ მის მონაცემებს და ერთდროულად, თბილისელ კოლეგებთან ერთად, ერთგვარი ტელეხიდის საშუალებით, ვიმსჯელებთ პაციენტის მკურნალობის გზებზე.  ჩავატარებთ ტუმორბორტს -ანუ,  ჩვენთან ასე ხდება -  როდესაც   შემოდის პაციენტის ისტორია, მას  ყველა სპეციალისტი ერთად  განვიხილავთ. თანმიმდევრულად ხდება დაგეგმვა, თუ რა მკურნალობა უნდა ჩატარდეს. გაიწერება ყველაფერი სტანდარტების მიხედვით. იქმნება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც იწყება მკურნალობა. ამას ქვია  ტუმორბორტი. ამას თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკასთან ერთად გავაკეთებთ ტელემედიცინის საშუალებით.   ამის  გამოცდილება ჩვენ ძალიან ბევრ კლინიკასთან გვაქვს.  ევროპის  საავადმყოფოებს ვუწევთ კონსულტაციებს.   ამასვე გავაკეთებთ საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე. კვირაში ერთხელ ჩვენ შეგვეძლება ონკოლოგიური პაციენტები ერთობლივად გამოვიკვლიოთ.

გარდა ამისა, დავნერგეთ სტუდენტების წაყვანა პრაქტიკულ სემესტრში.  ზაფხულში წავიყვანთ 4-5 სტუდენტს, ერთიდან სამი თვის ჩათვლით. ამ სტუდენტებზე იზრუნებს იქაური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომ მათ ბევრი რამ შეისწავლონ, არამარტო თეორიულად, არამედ პრაქტიკულად.  ეს არის სტუდენტებისათვის, რომელიც სამედიცინო განათლებას იღებენ.

-როგორ მოხდება მათი შერჩევა?

-წარმატებული სტუდენტები შეირჩევიან, ამავე დროს აუცილებელია გერმანული ენის ცოდნა. შერჩევაში ჩაერთვებიან ჩვენი წარმომადგენლებიც.

უყურადღებოდ არც  ექიმებს  დავტოვებთ. მათი წაყვანაც იგეგმება. ამჯერად შემოვიფარგლებით „სტუმარი ექიმების“ სტატუსით, შემდეგ, შესაძლებელი იქნება, რომ მივიწვიოთ ექიმები სამუშაოს უფლებითაც.

ამის გარდა, მინდა  სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტში წავიკითხო სხივურ თერაპიაში ჩემი ლექციების კურსი. მე პირადად, ასე მაქვს დადეგმილი, რომ ჩემი შვებულების ხარჯზე, ჩამოვიდე და ორი კვირის მანძილზე, დღეში 2 ლექცია წავიკითხო.

- ვიცი,  რომ თქვენ წარსულში სხვადასხვა პროექტებით  ჩამოდიოდით საქართველოში, თუმცა,  შემდეგ მათ განვითარება ვერ ჰპოვეს, მათ შესახებ რას იტყვით?

-სამედიცინო ფაკულტეტთან ერთად დიდი ხნის წინ დაიწყო პროექტები, რომლებიც გარკვეული,  სუბიექტური ფაქტორების გამო  შეფერხდა.  აქ რაღაც სწორად ვერ  გაიგეს, დისციპლინასთან დაკავშირებით რომ პრობლემები გვაქვს, ეს  სიახლე არავისთვის არაა. მიუხედავად იმ  ლაფსუსებისა, რაც მოხდა, ავსტრიელები მაინც მზად არიან თანამშრომლობისათვის. მე, ჩემი მხრიდან, ყოველთვის ვააქტიურებ ამ თემას და მათ ჩემთვის უარი არასოდეს  უთქვამთ. ამასობაში მეც გამოცდილება მივიღე და მხოლოდ ის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას ამ ახალ პროექტებში,  რომელზეც  დარწმუნებული ვარ, რომ  კეთილსინდისიერად განახორციელებენ  ამ საქმეს.

 -თქვენ შესახებ რას იტყვით, რამდენი წელია ავსტრიაში ხართ, რა ეტაპები და ბარიერები გაიარეთ, სანამ ამ შედეგს მიაღწევდით?

-20 წელია, ავსტრიაში ვცხოვრობ, ჩასვლის დღიდან ვმუშაობ ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში. თავდაპირველად, წავედი გაცვლითი პროგრამით თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტიდან. მაშინ ორდინატურაში ვსწავლობდი. პირველად,  სამი თვით, „სტუმარი ექიმის“ სტატუსით ვიყავი.  შემდგ დავბრუნდი და 6 თვეში მათგან  მივიღე მიწვევა.   4 წელი „სტუმარი ექიმის“ სტატუსი მქონდა. აუცილებელი იყო, რომ მიმეღო იქაური ექიმის დიპლომი, ამისათვის ჩავაბარე  9  გამოცდა.  მე  დროზე ადრე,  5 წელიწადში მომცეს ავსტრიის  მოქალაქეობა, როცა ამისათვის 10 წელია საჭირო. 16 წელია რადოონკოლოგიაში ვარ.

-ალბათ, ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო იქნება ისიც,  რომ თქვენ დასაოჯახებელი ბრძანდებით.

-პირადი ცხოვრებისთვის დრო ნაკლებად მრჩება. ჩემი სამუშო დღე იწყება 7 საათზე და მთავრდება სადღაც, საღამოს რვა საათზე. ხშირად  შაბათ - კვირასაც მიწევს  მორიგეობა. მე მაქსიმალისტი ვარ, 100% -ით საქმეც და ოჯახიც არ გამოდის. ან ერთს აკლდება რამე, ან მეორეს.

-რას იტყვით იმაზე, რომ სამშობლოდან და ოჯახიდან მოშორებით ცხოვრობთ? (ცნობისთვის, ირმა ქუთაისის საპატიო მოქალაქის, ექიმის, მერაბ კვიცარიძის დაა)

-მე სადაც მივდივარ, ყველგან ვამბობ, რომ საქართველოდან, ქუთაისიდან ვარ. დღეს ტექნოლოგიების საუკუნეში ოჯახის წევრებს ვუკავშირდები ტელეფონით, სკაიპით, ვირტუალურად სულ სახლში ვარ. წაღებული მაქვს „სილქნეტის“ მოდემი,  საინფორმაციო გამოშვებებს უნდა ვუყურო აუცილებლად. ყველაფერი ვიცი, რაც ქვეყანაში ხდება. გამიჭირდა 2008 წელს,  როდესაც ყველანაირი კავშირი გაწყდა, არც ინტერნეტი იყო,  ვერც ვრეკავდი.   მაშინ მქონდა პატრიოტიზმის გამძაფრებული გრძნობა და ჩემს ხალათზე გავიკეთე ქართული დროშა, რომელიც მას შემდეგ არ მომიხსნია. მეკითხებიან, საიდან ვარ და მე ყველას ვუხსნი, რომ საქართველოდან ვარ.  პაციენტი რომ შემოდის, 2 წუთში ისეთ მიმოხილვას ვუკეთებ საქართველოსთან დაკავშირებით, ის უკვე პოტენციური ტურისტი ხდება.  დაბრუნებას, რაც შეეხება,  უნდა იცოდე, შენი აქ ყოფნით უფრო მეტს გააკეთებ, თუ შენი იქ ყოფნით. ახლა მე ვფიქრობ, რომ ჩემი იქ ყოფნით უფრო მეტს ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის. ალბათ, ის დროც დადგება, როცა მივხვდები, რომ მე აქ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 46.55%
არა - 45.05%
არ იცი - 8.41%
სულ - 333 ხმა