|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ის სიყვარული და ერთობა დღემდე მენატრება"-ირმა პეტრიაშვილი

„ქართული სულის ზეიმი“,- ასე აფასებს  წლების შემდეგ 9 აპრილის მოვლენებს ქუთაისის საკრებულოს წევრი ირმა პეტრიაშვილი,  რომელიც თავად იყო მონაწილე იმ პროცესებისა,  რაც მაშინ რუსთაველის  გამზირზე მიმდინარეობდა.

,,ეს იყო ქართველობის იდენტობის გამომხატველი დღეები, ერთ ერთი ყველაზე ლამაზი დღესაწული, რაც კი მინახავს.  ის სულისკვეთება,  სიყვარული და  ერთობა,  რაც იქ შეკრებილ ადამიანებს აერთიანებდა,  დღემდე  მახსოვს და მენატრება. რა თქმა უნდა,  ამ ყველაფერს ახლდა უდიდესი ტკივილი და ტრაგედია, მაგრამ ასეთი ლაღი ქართველი საზოგადოება,  მას შემდეგ მე არ მინახავს. საოცარი  იყო,  ხომ მთელი ქართველობა რუსთაველის მოედანზე იდგა,  ანუ უყურადღებოდ იყო დატოვებული სახლები,  მაგრამ არ დაფიქსირებულა მცირედი ქურდობის  ფაქტი.  ადამიანები იზიარებდნენ ჭირსაც და ლხინს.  იქ ყველანი ვიდექით ერთი სურვილით და ჩვენმა ერთობამ და ამავდროულად დამოუკიდებლობისთვის დაღვრილმა სისხლმა გზა ჰპოვა გამარჯვების“-აღნიშნავს ირმა პეტრიაშვილი.

 საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

დღეს, 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 24, ხოლო 9 აპრილის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი" მიიღო.

 

ავტორი: ეკა შალამბერიძე