|
  • EUR 1 = GEL 3.2365
  • USD 1 = GEL 2.9279
|

"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"-ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის სიძულვილის შემცველი განცხადება

"ნანა კოსტავა სამარცხვინო საკრებულოს წევრია", - წერს სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე. აკაკი საღინაძე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ნანა კოსტავას იმ პოსტს ეხმაურება, რომლითაც დეპუტატი გარდაცვლილი 16 წლის გოგონას ოჯახის წევრს ნიშნისმოგებით გამოეხმაურა. 

"ნანა კოსტავა სამარცხვინო საკრებულოს წევრია!!! არ ვიცი რა ვთქვა, მთელს სხეულში ძარღვები დამეჭიმა ამის ნახვისას.

ეს საკრებულოს წევრი ითხოვდა ქუთაისის სკოლებში რელიგიის სწავლებას, ეს ყველაზე ანტიქრისტიანიანული ღირებულებების ადამიანი, ყველაზე დიდი სიბოროტის მატარებელი.
როგორ შეგიძლიათ ასე იცხოვროთ, სალომეს ტრაგიკულად დაეღუპა 16 წლის და ამან სპეციალურად მოძებნა წინა წლის ვიდეო და ნიშნის მოგებით,  რა სათაური გაუკეთა, კი ხედავთ.
ამაზე დიდი სიბოროტე რა არის?
როგორ შეიძლება ასეთ მენტალობის ადამიანს რაიმე გადაწყვეტილების მიღებას ვანდობდეთ ადგილობრივ ხელისუფლებაში?"-წერს აკაკი საღინაძე.

ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში ბლოგერ სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა, სადაც ის თითზე წამოცმული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს. ბარკერმა ამ ქმედებით, მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელიც "აი ისას" საქმის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა. სალომე ბარკერს რამდენიმე დღის წინ ექსკურსიაზე და დაეღუპა. საკრებულოს დეპუტატმა კი მის ვიდეოზე დაწერა: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"

დეპუტატის პოსტს საზოგადოების  გამოეხმაურება მოყვა. მოქალაქეების ნაწილმა ნანა კოსტავას მიერ  საკრებულოს დატოვება მოითხოვა. 

შექმნილი აჟიოტაჟის პასუხად ნანა კოსტავამ ბოდიში მოიხადა.

"ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება....ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი, რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ", - დაწერა ნანა კოსტავამ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

ნანა კოსტავა მეცხრე მოწვევის საკრებულოს წევრია. მან რელიგიური შეხედულებების გამო საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრობაზე უარი თქვა. 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი