|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კალანდობა - შობა-ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია გურიაში

კალანდობა - ასე უწოდებენ გურიაში შობა-ახალ წელს, რომელიც დეკემბრის ბოლოს იწყება. ღვეზელით, გოზინაყით, საკალანდოდ დაკლული ღორით, მარანში შავი ღვინით და კრიმანჭულით ახალი წელს წელს გურიაში ეგებებიან.

ახალი წლის დახვერდას გურულები კერიაზე ცეცხლის დანთებით იწყებდნენ. გურულ ოჯახებში უფროსი მამაკაცი მამლის ყივილზე გარეთ გამოდიოდა, მარანში ღვინოს დაისხამდა და ილოცებოდა. თუმცა კალანდობის მთავარი ატრიბუტი მაინც ჩიჩილაკია.

სხვათა შორის, იმერეთში ჩიჩილაკს ენდროთიც ღებავდნენ. ყველაზე ტრადიციულ გურულ სოფელ ბასილეთში, სადაც პირველი ჩიჩილაკი დამზადდა ახალ წელს განსაკუთრებულად ელოდნენ.

სოფელში ტრადიაცია არ ირღვეოდა და სუფრაზე ჩიჩილაკი იდგა, რომელსაც ისინი წმინდა ბასილის წვერებს ადარებდნენ.

კალანდობის მზის სხივები ჩიჩილაკის ბურბუშელაა. სიმბოლურად წმინდა ბასილის წვერებადაა მიჩნეული. თავად ჩიჩილაკი მზეა. ჩიჩილაკს ჯვრით ამკობდნენ, ხოლო სუროს ძირში უფენდნენ.

გურულებმა იცოდნენ, რომ სურო ოლიმპოს ერთმა ღმერთმა დიონისეს გადააფარა, რათა მტრების ცეცხლში არ დამწვარიყო. ჩიჩილაკზე შემოხვეული სურო სინედლესა და სიცოცხლეს უბედებდა ოჯახს, რომლითაც „მფერხავს“ ანუ მეკვლეს კეთილი გულით გამორჩეულ კაცს ბარაქა შეჰქონდა.

ახალუხში, გალიფე შარვალში და ყაბალახში გამოწყობილი „მაინძელი“ სტუმრებს მარანთან მიუძღვებოდა ხის გობით. გობზე ეწყო: მოხარშული ღორის თავი; ნანადირევი ჩიტები(შემწვარი); თიხის ქოთნით ღომის მარცვალი და შიგ ჩადებული კვერცხი; ღვეზელი; თიხის დოქით,  ადესა~ღვინო; ხეჭეჭური~მსხალი; ზამთრის ვაშლი; ჩირები; ჯანჯუხა (ჩურჩხელა); გობზე დგას ჩიჩილაკი მორთული კურკანტელით, სუროთი და თავზე ვაშლით. 

მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი გობს ხმაამოუღებლად დადგამდა მიწაზე, ჩაფს ღვინით გაავსებდა და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნიერებას დაჩოქილი შესთხოვდა. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით.

კაკალს გატეხდნენ და, თუ ცარიელი აღმოჩნდებოდა, რაც, გურულების რწმენით, უბედურების მომასწავებელი იყო, მეკვლე ხელმეორედ ეხვეწებოდა წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელი კაკლისთვის არ დაემსგავსებინა. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა.

მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული..." შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები.

საახალწლო სუფრის აუციელებლი ელემენტია საცივი. საშობაო კვერი ტრადიციული გურული ხაჭაპურია (ღვიძელი). ესაა ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხით. ხაჭაპურში ჩატანებული კვერცხი ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლო იყო.

გურული ღვეძელი იყო გათხოვილი ქალის მოკითხვისას მშობლების ძღვენის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ნახევარმთვარის ფორმა ძველი გურულების რწმენით ძლიერების სიმბოლო იყო.

საშობაო კვერი ცხვებოდა კეცზე, წითლად აელვებულ ნაკვერჩხალზე. მოხარშულ კვერცხებს ორი დღით ადრე შუაცეცხლზე ან ბუხარში შეკიდებდნენ ან ფრცქვნიდნენ, გაფიცხებულ კეცზე დააწყობდნენ და ნაკვერჩხალზე ბრაწავდნენ.

ავტორი: ნიუპრესი