|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„კანალიზაციის პროექტის დაწყების შემდეგ რეაბილიტირებული ქუჩები კვლავ გადაითხრება“

პრობლემა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებია. აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით „ნიუპრესი“ ქუთაისის მერის მოადგილეს ნოდარ მიქიაშვილს ესაუბრა.

- მოსახლეობის  უკმაყოფილების  მიზეზი ხდება გზების გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები.  მათი განცხადებით,   მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისი  15 ქალაქთან არის დამეგობრებული და  ქალაქის მერიის წარმომადგენლები ხშირად მივლინებებში იმყოფებიან ევროპის ქალაქებში, არ ხდება  იქაური გამოცდილების გაზიარება. რატომ არ ხდება  ჩვენთან ევროპული  სტანდარტების დანერგვა,  რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს?

– ყველაფერს აქვს თავისი  დრო და გეგმა. თუ  სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ხელშეკრულების გათვალისწინებული პირობების შესრულება დადგენილ ვადებში მხოლოდ 4–6 %  შემთხვევებში  ვერ ხერხდება.  ქალაქში მუშაობა უფრო  რთულია, ვიდრე  სოფლებში და რაიონებში, ვინაიდან მოძრაობა ინტენსიურია. ქუთაისს, ბოლო ორ წელიწად ნახევარია,  უწევს რთულ  პერიოდში მუშაობა  და ეს კიდევ ორ წელიწად ნახევარი გაგრძელდება, რადგან ქალაქში არ მიმდინარეობს მხოლოდ გზის  საფარის  დაგება,  ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციების  შეცვლა, მიმდინარეობს წყლის სისტემის განახლება,  ასევე მომავალი წლიდან დაიწყება კანალიზაცის სისტემის რეაბილიტაცია. ყველაფერი ეს ქმნის სირთულეებს. მარტო გზის საფარის მოწესრიგება რომ ყოფილიყო საჭირო, უფრო ნაკლები დრო დასჭირდებოდა, თუმცა  კომპლექსური სამუშაოებია  შესასრულებელი, რასაც დიდი დრო სჭირდება.   დღესაც მიმდინარეობს წყლის სისტემის დატესტვა რამდენიმე ქუჩაზე, რის გამოც ვერ ვახდენთ გზის რეაბილიტაციას.  ეს ქმნის ჯაჭვურად იმ პრობლემებს, რომელიც   დროშია  გაჭიანურებული.  სამუშაოების გეგმა–გრაფიკზე  გადაცილება, ან სამუშაოების  ვადაზე  ადრე  დასრულება იწვევს სერიოზულ  ჯარიმებს, რომელსაც არცერთი  კომპანია არ ისურვებდა.

-კანალიზაციის პროექტის დაწყების შემდეგ  რეაბილიტირებული ქუჩები  ისევ გადაითხრება?

–მას შემდეგ, რაც დაიწყება კანალიზაციის მოწესრიგება ქალაქში, ეს გამოიწვევს  ნაწილობრივ იმ გზების გადათხრას, რომელიც უკვე რეაბილიტირებულია.  2014 წლის ბოლოდან ვიცოდით, რომ  კანალიზაციის პროგრამა დაიწყებოდა, თუმცა,  არ იყო გონივრული, რომ დავლოდებოდით 2019 წელს იმისთვის, რომ  კანალიზაციის პროგრამა დასრულებულიყო.  ამ შემთხვევაში მოსახლეობა 5 წელი  დარჩებოდა გზის გარეშე.  ვფიქრობთ, რომ ეს ხარჯი გამართლებულია.

-მოქალაქეების განცხადებით,  ქვაფენილები უხარისხოდ იგება, რის გამოც ქვეითად მოსიარულეებს დისკომფორტი ექმნებათ. რატომ არის პრიორიტეტი (რა უპირატესობა აქვს, გარდა იმისა, რომ ძველი ქალაქის ეფექტს ქმნის)  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქვაფენილების დაგება, რომელიც ძალიან მალე ზიანდება?   რამდენი ხნის გარანტიით იგება ქვაფენილები ?

–ქვაფენილი გამართლებულია ტურისტული თვალსაზრისით, ასევე  გამართლებულია იმითაც, რომ  მასალა გაცილებით გამძლეა და ასწლეულებს უძლებს. რაც შეეხება ხარისხიანად  დაგებას, მაგალითად, რომ ავიღოთ   მოედნის მიმდებარე ტერიტორია და გელათის ქუჩის დასაწყისი, ყველაზე უხარისხოდ დაგებული  მონაკვეთია.   ამის გამო კომპანიას მოვთხოვეთ  ხელახლა შეესრულებინა   სამუშაოები. რამდენიმე დღეში ნახავთ, რომ  ის მონაკვეთი, რომელიც  უხარისხოდ არის  შესრულებული,  ხელახლა დაიგება. რა თქმა უნდა, მოსახლეობას  რამდენიმედღიან პრობლემას შეუქმნის, თუმცა ამ პრობლემის გამო უხარისხოდ დაგებულ გზას   უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ.

 -მიტოვებული სარემონტო სამუშაოები აქციების მიზეზი ხდებასხვადასხვა კომპანიების (წყალი, გაზი)მიერ ხდება გზის გათხრა, შედეგად  რამდენიმე ქუჩაზე მიტოვებულია სარემონტო სამუშაოები, რის გამოც მოსახლეობას სერიოზული პრობლემები ექმნება. მერიას საყვედურებენ, რომ ამ კომპანიებისაგან არ ითხოვს სამუშაოების ბოლომდე მიყვანას. 

-  ყველაზე დიდი ხნით  მიტოვებული არის ჭომის მიმდებარე ტერიტორია. იმ ადგილზე გადის ცენტრალური  მაგისტრალი, საიდანაც თეთრამიწის რეზერვუარი უკაშირდება ანძის რეზერვუარს. მისი დატესტვა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც კომპანია „კობრა“, მაქსიმუმ ერთ თვეში, თავის სამუშაოებს  დაასრულებს ქუთაისში. ჩვენ ამის შემდეგ მივიღებთ დატესტილ სისტემას „კობრასგან“. ამ წუთში, რასაც ხედავთ, რომ წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო არის გადათხრილი. ჩვენ არ ვირიდებთ პასუხისმგებლობას, თუმცა, თუ სტრუქტულურად შევხედავთ, ეს ქალაქის პასუხისმგებლობა არ არის. ეს წყლის კომპანიის დაკვეთა არის, რომელსაც   „კობრა“ ასრულებს და მან უნდა აღადგინოს დაზიანებული გზა. ამის თაობაზე ათამდე წერილი მივწერთ, გვქონდა შეხვედრები. ხშირ შემთხვევაში, კომპანიის    მაგალითები  არის არგუმენტურებული, რადგან სანამ არ მოხდება დატესტვა, მანამდე გზის დაგება შეუძლებელია.

 -გზების გარდა რთული მდგომარეობაა ტროტუარებზე.  გზების შეკეთება ხდება „ორმოული შეკეთების“ პროგრამის ფარგლებში. მსგავსი პროგრამა  არ არსებობს ტროტურებთან  მიმართებაში. ქალაქს აქცენტი აქვს აღებული ტურისტების მოზიდვის მიმართულებით, ისინი ქალაქის ქუჩებში  ფეხით გადაადგილდებიან და ტროტუარების მოუწესრიგებლობა მათ კარგ წარმოდგენას ნამდვილად არ უქმნით.  თუ იფიქრებთ ტროტუარების შეკეთებაზე? 

  – ჩვენ აღვწერეთ ქალაქის ტროტუარები. საკმაოდ  ძვირადღირებული სიამოვნებაა მათი სრულად შეკეთება. მცირედი თანხები იყო 2015 წელს გათვალისწინებული,  2016 წელს გამოცხადებულ „ორმოული შეკეთების“ ტენდერებში გათვალისწინებულია ტროტუარების შეკეთება. ჩვენ ვთვლით, რომ უფრო პრიორიტეტული ამ შემთხვევაში იყო გზა და როდესაც გზის შეკეთებებს დავასრულებთ, შემდეგ დავიწყებთ ტროტუარებს. ერთი ტროტუარის პროექტირება მიმდინარეობს, რომელიც მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია. ეს არის რიონის მარჯვენა სანაპიროს ტროტუარი - ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯაჭვის ხიდამდე. როგორც კი დასრულდება პროექტირება,  დაიწყება ხიდის  კაპიტალური რემონტი. დანარჩენი, რა თანხებიც გვექნება მობილიზებული, მოვახდენთ  ტროტუარების შეკეთებას, თუმცა ამას არ ექნება მასიური ხასიათი.

-ხდება თუ არა მერიის მხრიდან კონტროლი „სპეციალური სერვისების“ მიმართ,  რომელსაც ევალება მოახდინოს გზის საფარის გადარეცხვა,  როგორც ვიცით, ამისათვის სპეციალური ავტომობილები შარშანაც მიიღო სამსახურმა, თუმცა ქალაქს არ ეტყობა მათი მუშაობის შედეგი. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ  ქუთაისში მაღალი მტვრიანობა ფიქსირდება.

-მტვრიანობა მაღალი ქუთაისში მხოლოდ იმიტომ  დაფიქსირდა, რომ 61 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები. ქუთაისი არ არის ისე დიდი ქალაქი, რომ 61 ადგილზე მიმდინარე სამუშაოები არ დაეტყოს. რაც შეეხება  „სპეციალური სერვისების“  მიერ დასუფთავების მომსახურების ამ კომპონეტს, რასაც ქუჩების გადარეცხვა ქვია, გვიან გაზაფხულს, ზაფხულსა და ადრე შემოდგომის პერიოდში  ხორციელდება. ცენტრალური ქუჩების გადარეცხვების პერიოდი იწყება 15 მაისიდან და მთავრდება 1ოქტომბრისთვის. ზამთარში ქუჩებს არ ვრეცხავთ.

-ორმოული შეკეთებებისთვის რა თანხებია გამოყოფილი და რომელი ქუჩებია გათვალისწინებული?

-ორმოული შეკეთებებისთვის ამ ეტაპზე  900 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი და  კიდევ დამატებით ვგეგმავთ თანხების გამოყოფას. ქუჩების გათვალისწინება ორმოული შეკეთებებისთვის არ ხდება წინასწარ, სადაც ჩნდება ორმო, იქ ვაკეთებთ.

 

 

 (ინტერვიუ ჩაწერილია 21 აპრილს, 25 აპრილს "სპეციალურმა სერვისებმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით გზების გადარეცხვის პრგოგრამა ამოქმედდა.)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა