|
  • EUR 1 = GEL 3.1154
  • USD 1 = GEL 2.5463
|

„კანონში დაკარგული“ რეორგანიზაცია ქუთაისის მერიაში

არჩევნების მეორე ტურის დასრულების და მანდატის მიღებისთანავე ქუთაისის მერმა თვითმმართველობაში რეორგანიზაცია ღიად გამოაცხადა

მერმა საქმიანობის დაწყების პირველსავე დღეებში ახალი ვიცე მერები წარადგინა.

ვიცე მერის პოზიციაზე გიორგი იობაშვილი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაინიშნა, რომელიც თავიდანვე ჭიღვარიას გუნდს წარმოადგენდა,  ხოლო ნინო თვალთვაძე და იუზა უგლავა კი ახალმა მერმა კაბინეტში შესვლისას წარადგინა.

ახალი მერის მისვლისთანავე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ერთობლივად დაწერა მერიაში არსებული ცხრა სამსახურის უფროსმა. თვითმმარველობაში განმარტავენ, რომ სამსახურის უფროსებმა თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს, თუმცა რა გახდა განცხადების კოლექტიური წერის მიზეზი, მათგან განმარტება არ გაკეთებულა.

ერთ-ერთი სამსახურის ყოფილმა უფროსმა განმარტა, რომ მათ ხელშეკრულება ყოფილი მერის უფლებამოსილების ვადამდე ქონდათ, თუმცა ეს მათ განცხადების დაწერას  არ ავალდებულებათ.

 მერმა,  რომელმაც მუშაობა ახალ გუნდთან ერთად მოისურვა, მხოლოდ ხუთი სამსახურის უფროსის განცხადება დააკმაყოფილა, სამი ჩინოსანი პოსტზე დატოვა, ერთი კი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსად გადაიყვანა.

 ხელმძღვანელთან ერთად თანამდებობის დატოვებაზე განცხადება განყოფილებების უფროსებისა და თანამშრომლების ნაწილმა დაწერეს. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარ უფლებებს კანონის ფარგლებში იცავენ და განცხადებას საკუთარი ნებით არ წერენ.  გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ „ურჩი“ თანამშრომლების გამო მერია  კულტურის სამსახურის გაუქმებას გეგმავს.

ინფორმაციას მერიაში არ ადასტურებენ, თუმცა  აცხადებენ, რომ მოხდება არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურების გაყოფა. მიზეზი უწყებების არათავსებადობაა. მერიაში აცხადებენ, რომ შეუძლებელია ერთმა სამსახურმა გასცეს ნებართვა და მანვე მოახდინოს ზედამხედველობა.  აღნიშნული სამსახურის გაყოფის შემთხვევაში კი  მერიას, სხვა სამსახურის გაუქმება მოუწევს, რომელიც, შესაძლოა, კულტურის სამსახური აღმოჩნდეს.  მერიაში ვერ გვპასუხობენ,  სხვა სამსახურის გაუქმების გარეშე არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის გაყოფის შემთხვევაში როგორ მოახერხებენ კანონით დაწესებულ ნორმაში ჩატევას. თვითმმართველობის შესახებ არსებული კანონით, მერიას 13 თანამდებობის ყოლის უფლება აქვს.

აღსანიშნავია, რომ ახლად შექმნილი ზედამხედველობის სამსახურის უფროსის სავარძელი ზვიად ჯავახიამ დაიკავა, რომელიც ბოლო დრომდე ადმინისტრაციულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მსგავსად სამსახურის უფროსებისა, თანამდებობა ასევე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს ააიპის და შპს–ების ნაწილის ხელმძღვანელებმა. ააიპ „სპეციალურ სერვისებში“ გელა გაგუა ზვიად მანდარიამ შეცვალა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საკრებულოს დეპუტატი იყო.

წასვლაზე განცხადება დაწერა  ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა ნანა ლორთქიფანიძემ, რომელმაც „კომპენსაციად“ თანამდებობა ააიპ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მიიღო, სადაც დირექტორის მოადგილის პოსტი მიიღო.

ააიპი  „ბაგა-ბაღების გაერთიანების“  უფროსის სავარძელი კი გიორგი ჭიღვარიას მეგობარმა, საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა და ნინო ბურჯანაძის  გუნდის ყოფილმა წევრმა დავით წიტაიშვილმა მიიღო. წიტაიშვილს „თავგანწირვა“ დაუფასდა და ერთ–ერთი ყველაზე დიდი ააიპი ჩაიბარა. დავით წიტაიშვილი გიორგი ჭიღვარიას მეგობრობას ადასტურებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი კანდიდატურა მეგობრობის გამო არ შერჩეულა. წიტაიშვილმა ნინო ბურჯანაძის გუნდი წინასაარჩევნოდ სწორედ ჭიღვარიას სასარგებლოდ დატოვა, თუმცა მიზეზად ბურჯანაძე – კუკავას ტანდემი დაასახელა.

 „მადლიერების სახლის“ მმართველის პოსტზე დაინიშნა „ქართული ოცნების“ და გიორგი ჭიღვარიას გუნდის წევრი თამთა ბაკურაძე, რომელიც გასულ წელს ღიად აცხადებდა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ აქტივისტთა მასობრივი  დასაქმება არ ხდება. მერიის ინფორმაციით, თამთა ბაკურაძის კანდიდატურაც პროფესიონალიზმით შეირჩა. ის „ქართული ოცნების“ ქუთაისის შტაბში საარჩევნო სპეცილისტად  მუშაობდა. აღსანიშნავია, მისი მუშაობის პერიოდში,  ქუთაისში ბოლო ორ არჩევნებში მეორე ტურები გაიმართა.

თანამდებობა მიიღო ქუთაისი ყოფილი ვიცე–მერის და მოქმედი იმერეთის ვიცე–გუბერნატორის გრიგოლ დალაქიშვილის მეუღლემ ნინო ჩალაძემ. როგორც დალაქიშვილი აცხადებს, მის მეუღლეს პოსტი მისი გავლენის გამო არ დაუკავებია და მისივე თქმით, ქალბატონი ნინო პროფესიონალი კადრია.

ქუთაისის მერიაში დაწყებული რეორგანიზაცია კითხვის ნიშნებს აჩენს "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარისთვის. გიორგი სანტურიანის განცხადებით,  ის ფაქტი, რომ ქუთაისის მერიაში ცხრავე სამსახურის უფროსმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თავადვე დაწერა განცხადება, აჩენს კითხვას, თუ რამდენად შეესაბამებოდა დაწერილი განცხადებები მათსავე რეალურ ნებას.

სანტურიანის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახლადარჩეულ მერებს წაერთვათ მერიის თანამშრომლების დასაბუთების გარეშე გათავისუფლების უფლებამოსილება.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახლადარჩეულ მერებს წაერთვათ მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან დასაბუთების გარეშე გათავისუფლების უფლებამოსილება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისთვის საკუთარი უფლებების დაცვის მეტი გარანტია შექმნა, თუმცა, ამის საპირისპიროდ, ქუთაისის მერიაში ცხრავე სამსახურის უფროსმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თავადვე დაწერა განცხადება, რაც ნამდვილად აჩენს კითხვას, თუ რამდენად შეესაბამებოდა დაწერილი განცხადებები მათსავე რეალურ ნებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს კანონმდებლობის დაცვით და ის ძველი თანამშრომლების გათავისუფლებას არ ისახავდეს მიზნად", -აცხადებს სანტურიანი.

ახალმა საკრებულომ პირველივე სხდომაზე გააუქმა მერიაში არსებული კანონი ატესტაცია-კონკურსის შესახებ და ახალი რეგულაცია მიიღო. მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძის თქმით,  არსებული ცვლილება მთავრობის ახალი დადგენილების შესაბამისად მოხდა და ის რეორგანიზაციასთან კავშირში არაა.

„პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი ატესტაცია–კონკურსის შესახებ, ამით გამარტივდა საჯარო მოხელეებისთვის ეს წესი. წინა კანონში ეწერა, რომ კონკურსის და  ატესტაციისთვის სავალდებულო იყო ტესტირება, ახლა კომისია გადაწყვეტს ატესტაცია–კონკურსის ეტაპს, კომისიის თავმჯდომარე დაწესებულების ხელმძღვანელთან ერთად გადაწყვეტს მოხდება ტესტირება, თუ რა ეტაპის გავლა მოუწევს თანამშრომელს.  ამას რეორგანიზაციასთან არაფერი აქვს საერთო და არ ხდება წინა ხელისუფლების გატარებული რეორგანიზაციის საპირისპიროდ“,–განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

 

მერიამ უკვე გამოაცხადა კონკურსი 13 ვაკანტურ პოსტზე, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოზტებე კონკურსის დასრულებამდე შეირჩნენ კანდიდატები, რომლებიც გიორგი ჭიღვარიას მეგობრები არიან.

არსებობს არაერთი კითხვა და მხოლოდ ერთადერთი პასუხის მერიისგან. მერიაში „კანონში დაკარგული“ რეორგანიზაციის შესახებ აცხადებენ,  რომ მერია ყველა ფორმალობას კანონში მოაქცევს და რეორგანიზაცია კანონის შესაბამისად მოხდება. მათივე ინფორმაციით, რეორგანიზაცია 27 დეკემბერს დასრულდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი