|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ცისფერყანწელთა" ორდენის ჩამოყალიბების 100 წლის იუბილე ქუთაისში აღნიშნეს

საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენცია "ენა და კულტურა",   აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიხსნა. კონფერენცია "ცისფერყანწელთა" ლიტერატურული ორდენის ჩამოყალიბების 100 წლისთავს და ყველა იმ რეპრესირებულ საზოგადო მოღვაწეს მიეძღვნა, რომლებიც "საბჭოთა სისტემის"  მსხვერპლი გახდა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა,  პროფესორმა მანანა მიქაძემ აღნიშნა,  საერთაშორისო დონის კონფერენცია  უკვე მესამედ ტარდება. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პირველ კონფერენციაში მონაწილეობას 7 ქვეყანა იღებდა,  მესამეში კი მათი რიცხვი 25 - მდე გაიზარდა.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის თქმით,  მესამედ ჩატარებული კონფერენცია უკვე ტრადიციაა და მოხარული იქნება,  თუ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდება.

ქალაქის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, კონფერენციას დაესწრო, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და არა როგორც ქალაქის მერი, ეს ყველაფერი კი სწორად შერჩეული თემატიკის დამსახურებაა.

"ძალიან ღირებული კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც იმდენად საინტერესოა, რომ არა მარტო როგორც ქალაქის მერი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ისე ვესწრები.  მისი თემატიკა  ძალიან სწორად  არის შერჩეული.  იმ ადამიანებისა და ეპოქის მიმოხილვა,  რომელიც, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი ქალაქისთვისაც, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია",-განაცხადა ქალაქის მერმა.

კონფერენციის მნიშვნელობა "ნიუპრესთან" საუბარში  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა  ელისო ჩაფიძემ  შეაფასა: „სამეცნიერო კონფერენცია  ეძღვნება "ცისფერყანწელთა" საქმიანობას. ასევე მიძღვნილია რეპრესირებული საზოგადო მოღვაწეების მიმართ, რომელიც კომუნისტური რეჟიმის პერიოდში საქმიანობდნენ და სისტემამ გაანადგურა, თუმცა მათი ნაშრომები არის უკვდავი და ჩვენს გვერდით რჩება“,- განაცხადა დეპუტატმა.

კონფერენციას ასევე  იმერეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და "ცისფერყანწელთა" შთამომავლობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კონფერენცია ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა