|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლატარია, თევდორაძე, შარაბიძე–რა ხდება "არგოს" გარშემო?

"ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე დაწყებული მშენებლობის გარშემო დავა არ წყდება. ამჯერად საკითხით საკრებულოს "რესპუბლიკელი" მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე დაინტერესდა და იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რაც კაფე "არგოს" მშენებლობას ახლავს.

ქათამაძის განცხადებით, გუშინ საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის მიერ გამართულ სხდომაზე, განსახილველ საკითხთა შორის აღმოჩნდა გასაიჯაროებელი ობიექტების სია, რის გამოც შენიშვნა ჰქონდა ქათამაძეს და დეპუტატებს სთხოვა, არ გაესხვისებინათ ობიექტები დეტალური შესწავლის გარეშე, რადგანაც წინა ხელისუფლების მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩენილიყვნენ.

"კომისიის სხდომაზე მოვითხოვე არ გასხვისებულიყო ობიქტები, თუ დეტალურად არ მოხდებოდა მათი შესწავლა. ვახსენე "სამი ოთარის" მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 2013 წელს გასხვისდა და რომლის მფლობელები იყვნენ შპს "ანასტასიას" მფლობელი დალი ლატარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნიკოლოზ ლატარიას დედა და "პატრიოტ" გოჩა თევდორაძის კარის მეზობელი ნანა გაგუა. არავისთვის არაა სიახლე, რომ აღნიშნული ტერიტორია გადაიცვალა "ოქროს ჩარდხის" მიმდებარე ტერიტორიაში, ამ დროს კი "სამი ოთარის" მიმდებარე სკვერის გასხვისების საკითხს იძიებს პროკურატურა. ამიტომ დავინტერესდი და ვკითხე ჩემს კოლეგებს და მერს, რომელიც სხდომას ესწრებოდა. პროკურატურამ რომ დაადგინოს, ტერიტორია უკანონოდ არის გასხვისებული, ამის მერე რას აპირებთ, როგორ მოახდენთ უკვე გაცვლილი ფართის უკან დაბრუნებას, მით უმეტეს, რომ იქ მშნებლობა მიმდინარეობს?"–აცხადებს ქათამაძე, რომლის თქმითაც, მის ამ შეკითხვას ნიკოლოზ ლატარიას გაღიზიანება მოყვა.

"როგორც კი ამ საკითხს შევეხები,  ლატარია მაშინვე ჩხუბს იწყებს. გუშინაც დამიწყო ლანძღვა, დეპუტატები ხმას არ იღებდნენ, როგორც ჩვევიათ.

მე არასოდეს მეშინოდა სიმართლის თქმის და არც ამ შემთხევვაში ვაპირებ, გავჩუმდე. ტერიტორია შეიძინა ლატარიას დედამ, რომელმაც, თურმე უკვე გაასხვისა ფართი და როგორც მოვიძიე, ახალი მფლობელი აღმოჩნდა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ქუთაისის ყოფილი ვიცე–მერის გია შარაბიძის შვილი გოჩა შარაბიძე, რომელიც არის ლატარიას კარის მეზობელი. აქედან კარგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ლატარიამ ტერიტორია გადასცა მისი ნდობით აღჭურვილ პირის, რომელიც არის "პატრიოტების" წევრის შვილი და რომლის ვიცე–მერობის დროსაც ერთ ღამეში გასხვისდა სკვერები 35 წლიანი აღნაგობის უფლებით, ამ ქალაქში არაფერი იცვლება, ერთი "ბანდა" ჩაანაცვლა მეორემ და ორივე ბედნიერია. წინა წლებში ლატარია აფინანსებდა "ნაციონალურ მოძრაობას" და ის არის პორტირებული. მე არ მაინტერესებს ზვიად ძიძიგურის პოლიტიკური გემოვნება, მაგრამ ფაქტია, რომ "ნაციონალებთან" დაახლოებული პირების ადგილი ახალ ხელისუფლებაში არ უნდა იყოს", – განაცხადა ქათმაძემ.

მისივე თქმით, ასევე აღსანიშნავია, რომ კაფე "არგოს" მფლობელს აღნაგობის ქირის გადახდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან დაევალება, იქამდე კი გადასახადს არ გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე მშენებლობასთან ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს ნიკოლოზ ლატარია. როგორც ის აცხადებს, მას მიმდინარე მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"ყველამ კარგად იცის, ვინ არის ნატო ქათამაძე და რა კატეგორიისაა, ნებისმიერი სხდომა თუ კომისია, რომელსაც არ უნდა დაესწროს,  ჩხუბით მთავრდება. გუშინაც მოვიდა კომისიის სხდომაზე, ეჩხუბა მერს, წაეკამათა ყველა დეპუტატს, ატეხა დებოში. რიონის სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობის გამო ყოველ ჯერზე მიპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გავაკეთე განცხადება და განვმარტე, რომ არანაირი შეხება არ მაქვს ამ მშენებლობასთან,  მაინც ჯიუტად გაიძახის, რომ ჩემია. ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდი,  შემომთავაზეს "სამი ოთარის" მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნეს წინადადება, მაგრამ საკრებულოს დეპუტატად გახდომის შემდეგ უარი ვთქვი ამ შემოთავაზებაზე. "კინო საქართველოს" მფლობელი თენგიზ აბესაძე ითხოვდა, რომ მას ჰქონოდა პარკირების ადგილი, ქალაქის მერმა მთხოვა შემეხვედრებინა გოჩა შარაბიძესთან, რომელის იყო აღნიშნული ტერიტორიის მფლობელი. მე შევახვედრე, მოილაპარაკეს და მოხდა ადგილმონაცვლეობა, ეს იყო და ეს. სხვა არაფერი კავშირი აღარ მაქვს და რომც მქონდეს, არ შემრცხვებოდა და არც დავმალავდი. ნატო ქათამაძეს ახალი პრობლემა გაუჩნდა, მაჟორიტარობა უნდა და ჰგონია, რომ ყველა მის საწინააღმდეგოდ გამოდის. ის არის გაუწონასწორებელი ადამიანი, როგორც ჩანს, აქვს ფსიქიკური პრობლემა და თუ უნდა, დავეხმარებით მკურნალობაში", - განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ "ნიუპრესთან" საუბარში.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა