|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებისათვის შსს 2 000 ლარით დაჯარიმდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური "TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად აფასებს, - შესაბამის განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს და განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა და დაჯარიმდა 2 000 ლარით.

ასევე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სამედიცინო დაწესებულებას და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს-ს მიერ გავრცელებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების თაობაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებების შედეგების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2021 წლის 11 ივლისს გამართული ბრიფინგების ფარგლებში ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ მათ გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი. კერძოდ, სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით ირკვევა, რომ სამინისტროს მიერ გამართული ბრიფინგების მიზანს წარმოადგენდა ლექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. თუმცა, 2021 წლის 11 ივლისს გამართული ბრიფინგების ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენელმა არ/ვერ დაასახელა ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი და აღნიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგები. აღნიშნულის პარალელურად, სამინისტრომ ბრიფინგებზე გაასაჯაროვა ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, შესაბამისი კომენტარებით, თუმცა, საზოგადოებას არ მიაწოდა ინფორმაცია მათი გასაჯაროების მიზნებისა და მიმდინარე გამოძიებასთან ვიდეოჩანაწერების მიზეზობრივი კავშირის შესახებ. უფრო მეტიც, სამინისტრომ თავი შეიკავა გამოძიების კონკრეტული ვერსიის გაჟღერებისაგან (იმ მოტივით, რომ მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო დასკვნის შემდგომ იქნებოდა შესაძლებელი პირის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზის დადგენა), საზოგადოებას მოუწოდა გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერებიდან არ გამოეტანათ ნაადრევი დასკვნები და დალოდებოდნენ გამოძიების შედეგებს.

ვინაიდან 2021 წლის 11 ივლისს სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ვერც ერთი ვიდეოჩანაწერი ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით და ამასთან, ბრიფინგებზე არ იქნა განმარტებული ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალებასთან აღნიშნული ჩანაწერების კავშირი, სამინისტროს მიერ ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება შეფასდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების პრინციპის დარღვევად"-, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა