|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მალთაყველ დევნილთა პრობლემები

მალთაყვის დევნილთა დასახლებაში „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის’’ფოთის მედიაცენტრის ორგანიზებით შეხვედრა მოეწყო.
შეხვედრის  მიზანი დევნილ ქალთა საჭიროებების გამოვლენა იყო. ანგარიში, რომელიც ქალთა საჭიროებების შესახებ მომზადდება  გადაეცემა პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არცევნებისათვის მოხდეს მათი საარჩევნო პროგრამებში ასახვა.  

„მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, ოჯახი როგორ ვარჩინოთ და როგორ ვიშოვოთ პურის ფული. ამაზე ვართ გადართულები და თავისუფალი დრო საკუთარი თავის მისახედად, მეგობრებთან ურთიერთობისათვის ან განსატვირთად აღარ გვრჩება. ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ და მოხუცებივით ვცხოვრობთ ამდენი პრობლემების გადამკიდე. იცით, აქ როგორი განათლებული და ჭკვიანი ახალგაზრდა ქალები ცხოვრობენ, მაგრამ სახლში სხედან იმიტომ, რომ სამსახურის შოვნის შანსი არ არსებობს,“- გვითხრა ახალგაზრდა დევნილმა ქალმა.    

ქალებმა განსაკუთრებული სიმწვავით დასახლებაში საბავშვო ბაღისა და სკოლის საჭიროებაზე ისაუბრეს. მართალია, ბაღი უკვე შენდება, მაგრამ როგორც აღნიშნეს, იგი 60 ბავშვზეა გათვალისწინებული მაშინ, როცა დასახლებაში გაცილებით მეტი ბავშვი იზრდება. დასახლებაში არ არის სკოლა, რის გამოც, ბავშვებს მოშორებით მდებარე სკოლაში უწევთ სიარული. ქალები დასახლებაში საბავშვო და სპორტული მოედნების არ არსებობაზე   საუბრობენ; დასახლებაში არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა, რის გაკეთებასაც დევნილი ქალები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ;

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის დროული მოგვარეობის საჭიროებაც არსებობს, ესაა უპატრონო ძაღლები, რომლებიც დასახლებაში მრავლად არიან და რის გამოც, ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ და ვერც თავად გრძნობენ დაცულად თავს.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

 

ქალთა საჭიროებების გამოვლენის მიზნით, შეხვედრები საქართველოს 8 რეგიონის 12 ქალაქში ჩატარდა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შშმ პირების, დევნილების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების საჭიროებების გამოვლენაზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა