|
  • EUR 1 = GEL 3.1766
  • USD 1 = GEL 2.706
|

"ისეთი მერი ვიქნები, რომელიც ყველა ადამიანის გაჭირვებას გულთან მიიტანს" - დავით გოგისვანიძე

"ნიუპრესი" აგრძელებს მკითხველისათვის ქუთაისის მერობის კანდიდატების გაცნობას. ამჯერად გთავაზოთ ინტერვიუს საარჩევნო ბლოკის "ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართელო" მერობის კანდიდატთან დავით გოგისვანიძესთან.


-რა არის ქალაქის მთავარი გამოწვევა, რას შეცვლით გამარჯვების შემთხვევაში?


-ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება არის სოციალურად დაუცველებისა და პენსიონრების დახმარება. ისინი არიან ყველაზე გაუსაძლის პირობებში. მთავარი გამოწვევაც ეს არის, ქალაქის გაზრდილი ბიუჯეტიდან ამ მოსახლეობისკენ მივმართოთ თანხა. გამარჯვების შემთხვევაში, პირველსავე თვეში 20 ლარით გავზრდით პენსიას და რა თქმა უნდა, იმ მძიმე მდგომარეობას მივხედავთ, რა მდგომარეობაშიც არის ქალაქი ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის კუთხით. მენეჯმენტის კუთხით არის დიდი პრობლემები, თვითმმართველობის მენეჯმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.  არ არსებობს პრაქტიკა ცენტრალურ სტრუქტურებთან კომუნიკაციის, მაგალითად,  წყალმომარაგების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქალაქში და ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები დაუკითხავად შედიან ქუჩებზე და იწყებენ რეაბილიტაციას, რის გამოც გზის საფარი ზიანდება.

 

- მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევთ და ელოდებით თუ არა  მეორე ტურის დანიშვნას?

- დიდი ალბათობით, მეორე ტური უნდა შედგეს. რაც წინა არჩევნებზე ფიქსირდებოდა, ისეთივე დარღვევებია ახლაც, დაშინება, ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა საჯარო სივრცეში დასაქმებულებისა და სოციალურად დაუცველების მიმართ.  ჩვენთან მოდიან საჯარო მოხელეები, რომლებიც ამ პრობლემაზე საუბრობენ, თუმცა ვინაობის გასაჯაროებაზე უარს ამბობენ. სოციალურად დაუცველებს ემუქრებიან,  რომ დახმარებას მოუხსნიან თუ სახელისუფლებო პარტიას არ მისცემენ ხმას.

ჩვენი მთავარი კონკურენტი ხელისუფლებაა და ჩვენი მთავარი ამოცანა მშვიდობიანი გზით მათი შეცვლაა.

 

-ნაციონალური მოძრაობის დატოვება რატომ გადაწყვიტეთ?

-როგორც პარტია „ევროპული საქართველო“ არ არსებობდა, ჩვენ ჩავატარეთ დამფუძნებელთა კრება და მივიღეთ გადაწყვეტილება, ავირჩიეთ ხელმძღვანელობა, პარტიის თავმჯდომარე სამდივნო და პოლიტსაბჭოს წევრები. ჩვენგან არ ყოფილა ის გადაწყვეტილება რომ ნაციონალური მოძრაობა დაგვეტოვებინა და სადმე მზა პარტიაში გავწევრიანებულიყავით. პარტია ჩვენ გარკვეული მიზეზების გამო დავტოვეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ მართვის ის სტილი, რასაც დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა ატარებდა, გამარჯვების გზა არ იყო. ჩვენ ავირჩიეთ ის გზა, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს


-როგორი მერი იქნებით ?

-მე ვფიქრობ, რომ , ყველა პრობლემას ოპერატიულად და სწრაფად მოაგვარებს. ვიზრუნებ იმაზე, რომ ქალაქს პოლიტიკური დედაქალის სტატუსი დაუბრუნდეს, ვიზრუნებ, რომ ქალაქის განვითარების ისეთი გეგმა დაიდოს, როგორსაც ქუთაისი იმსახურებს. ვთხოვ ფართო საზოგადოებას, რომ ყველა ჩავერთოთ ქალაქის განვითარების საქმეში.

-დამარცხების შემთხვევაში, თუ დარჩებით აქტიურ პოლიტიკაში?

-5 წელია ოპოზიციაში ვარ, ხან გავიმარჯვებთ ხან დავმარცხდებით, მე მანამ ვიქნები პოლიტიკაში, ვიდრე საკმარისი ძალა მექნება და ჩემს ირგვლივ თანამოაზრეები და გუნდის წევრები იქნებიან.

 

-რატომ უნდა დაგიჭიროს მხარი ამომრჩეველმა?

-მე ვარ ისეთი პარტიის კანდიდატი, რომელიც არის გამოცდილი, კომპეტენტური, გვაქვს რეალური გეგმა,  არცერთი ჩვენი დაპირება არ არის ბუნდოვანი,  კონკრეტულად  გვაქვს მითითებული ყველაფერი. სრულიად ნათელი გეგმა გვაქვს ქალაქისა და მისი მოსახლეობის ყოფის გასაუმჯობესებლად.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე