|
  • EUR 1 = GEL 3.6272
  • USD 1 = GEL 3.0747
|

მაუწყებლობის კანონში ცვლილებები გაწვეულია, თუმცა, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ცვლილებები კვლავ განიხილება

 კომუნიკაციების კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებდა, უკან გაიწვიეს. თუმცა, კვლავ განიხილება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. თავდაპირველად ეს საკანონმდებლო პაკეტს წარმოადგენდა. 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას თქმით, შექმნილ ფონზე ამ კანონის მიღება მიღება არასწორი იქნება.

"ცვლილებები "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში გაწვეული იქნება იმიტომ, რომ დღეისთვის, წინასაარჩევნოდ, ასეთი მოცემულობით ამ თემის განხილვა არ არის საჭირო, რაც შეეხება ოპერატორებს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი დაჩქარებულია, არ ნიშნავს იმას, რომ დაცული არ უნდა იყოს კანონის მიღების თუნდაც მინიმალური სტანდარტები. აშკარად ჩანდა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და დაჩქარებულ დროში, ხვალ-ზეგ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა კომუნიკაციის დეფიციტი აღმოვფხვრათ და ყველა ის არგუმენტი, რომელიც არსებობს სექტორში, კიდევ ერთხელ იყოს გააზრებული მარეგულირებელთან ერთად. კანონის არათუ გამკაცრება, არამედ იმ ინსტრუმენტის შემოღება ხდება, რომელმაც ძალიან მძიმე სანქციების გამოყენების აუცილებლობა არ უნდა გახადოს საჭირო". – ამბობს რომან კაკულია. 

10 ივლისს დარგობრივი ეკონომიკის საკანონმდებლო კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტი განიხილა. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა. 

საკომიტეტო განხილვას ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები და კომუნიკაციების კომისია ესწრებოდა. განხილვას პარლამენტში გუშინ ხმაური მოჰყვა. ინიციატივა გააკრიტიკეს კავკასუს ონლაინის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სილქნეტის დამფუძნებელმა და მფლობელმა გიორგი რამიშვილმა და, ასევე, იმედის მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ. 

მედიის სფეროს წარმომადგენლები და იურისტები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი არამხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების მქონე კომპანიებს, ინტერნეტ ან მობილურ პროვაიდერებს ეხებათ, არამედ ამ ცვლილებების მიზანი მაუწყებლთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის შემოტანის მცდელობაა.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.59%
უარყოფითად - 47.06%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.35%
სულ - 68 ხმა