|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

აუდიტორიაში რომ შევდივარ, ახალგაზრდების თვალებში უიმედობას ვხედავ - მანანა ბანძელაძე

ფსიქოლოგი, წერეთლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ერთ-ერთია იმ 12 ადამიანიდან,  რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს წარადგინა. რამ განაპირობა მისი ლელოსთან დაკავშირება,  მანანა ბანძელაძეს "ნიუპრესი" ესაუბრა. 

-ყოველი არჩევნების წინ მაქვს საოცარი ოპტიმიზმი, მაგრამ არჩევნების შემდეგ უიმედობის განცდა  მრჩება. რამდენიმე წელია,  საოცარი პესიმიზმის განცდა მაქვს. როდესაც ეს მოძრაობა გამოჩნდა, ჩემს თავს ვუთხარი, რომ თავს უნდა ვუშველო, თუნდაც იმით, რომ ახალ მოძრაობაში ჩავერთო. ჩემი თავის შველით იქნებ იმ ახალგაზრდებსაც ვუშველო, რომელთანაც მე ყოველდღე მიწევს ურთიერთობა...  უმრავლესობას განათლება უცხოეთში აქვს მიღებული, გულანთებულები არიან, თუ მათ სწორი მიმართულება მიეცემათ, მე მგონი, რომ თითო აგურს ნამდვილად დადებენ ქალაქისა და ქვეყნის მშენებლობაში. თუ ვერ მივეცით მათ სწორი მიმართულება, ისევ და ისევ ჩვენი ბრალი იქნება, ალბათ.  რომ შევდივარ აუდიტორიაში, ახალგაზრდების თვალებში უიმედობას ვხედავ, მინდა, ყველა ახალგაზრდის თვალებში იმედის ნაპერწკალი დავინახო. ყველა ახალგაზრდას უნდა ქონდეს ცხოვრების და განვითარების ნორმალური პირობები.

-თქვენ ფიქრობთ, რომ ამ მოძრაობას აქვს ამის პოტენციალი?

-მე ინტუიციით მივდივარ ამ შემთხვევაში.  ვფიქრობ, რომ ეს ახალგაზრდები შეძლებენ ამას. ვნახოთ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. 

-თუ იქნება ქუთაისის წარმომადგენლობა და თქვენ რა ფორმით იქნებით ამაში  ჩართული?

-მე პირადად დღიდან ვიწყებ კარგი ქუთაისელი ახალგაზრდების შეგროვებას, ერთ-ერთი მოვიყვანე კიდეც, ჩემი ყოფილი სტუდენტი. ეს ისეთი საქმეა, რომელზეც სხვას ვერ ურჩევ. ადამიანმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ზემოქმედებას ჩვენ არავისზე მოვახდენთ.

აქამდე თუ ყოფილხართ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული?

-არა და ვკითხე ჩემს თავს - რატომ მაინცდამაინც "ლელო"? მაგრამ ხომ არსებობს გამოთქმა საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნის შესახებ. იქნებ ეს ის საჭირო ადგილია, სადაც მე საჭირო დროს მოვედი. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე