|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეასე პაემანი სარდაფში -უჩვეულო წარმოდგენა მესხიშვილის თეატრში

არც არაფერია სიახლე იმაში, რომ ძველ ნივთებს ყველა მოგონებასთან ერთად სარდაფსა და სხვენში ვინახავთ, შემდეგ, თუ როდესმე დაგვჭირდება და ნერვებიც გვეყოფა, შევეცდებით ხარა-ხურაში მათ ამოძებნას. ალბათ, ყველა დაფიქრებულა,  რომ სარდაფში რაღაც მისტიურობაა ძველი ნივთების გროვაში, შიშისმაგვარ გრძნობას რომ იწვევს. ღელვა უფრო იმატებს, თუ გეტყვიან, რომ აქ 30 წლის წინ გენერალმა ჩამოიხრჩო თავი.  გამბედაობაა საჭირო, მოერიო უსიამოვნო განცდებს, თუმცა „სცენის მტვერშეზავებული“ გლინტვეინი ცოტა გადუნებს და მოგონებების ნაწილად გაქცევს.

პარტერში ყოფნის დროს, სულ მაინტერესებდა, როგორ ტრიალებდა სცენა, რა ხდებოდა გაცვეთილ ფიცრებს ქვემოთ.

თითქოს ჩემს კითხვებზე საპასუხოდ შეიქმნა სპექტაკლი -  „მოგონებანი“ მესხიშვილის თეატრში.

როდესაც სარდაფი სცენად იქცევა და კომფორტული გარემოდან  ალტერნატიულ სივრცეში გადაინაცვლებ, უკვე შენც მონაწილე ხდები, მსახიობები კი მოჩვენებებად გარდაისახებიან. 

სპექტაკლის ორიგინალური გადაწყვეტილება რეჟისორ გივი სარჩიმელიძეს ეკუთვნის, მან სპექტაკლი  გიორგი სიხარულიძის თანარეჟისორობით დადგა.

87 წლის რეჟისორი სპექტაკლს თავის "რექვიემს" უწოდებს, რომელსაც საფუძვლად  იაპონელი ავტორის - იუკიო მისიმას "კომატის საფლავის ქვა" დაუდო.  (პიესა თარგმნა კახა გოგოლაშვილმა)

გივი სარჩიმელიძემ სპექტაკლი გარდაცვლილ მსახიობებს მიუძღვნა და მარადიულ კითხვას, არიან თუ არა თეატრში მოჩვენებები -   პასუხი გასცა.  შესაძლოა,  სარდაფში მოჩვენებმა მეასე პაემანი მოაწყონ და უკანასკნელი ცეკვა შეასრულონ, ისე რომ შენ ზემოთ, ვერც მიხვდე, რა ხდება. მოჩვენებების მისტიურობაც ხომ ესაა, იდუმალება და ბევრი კითხვა.

სპექტაკლში მთავარ როლებს ირინა გუბელაძე და გიორგი ჩაჩანიძე ასრულებენ. რეჟისორის გადაწყვეტილება მსახიობებისთვისაც უჩვეულო აღმოჩნდა.

მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე, რომელიც სპექტაკლში ჯერ დარაჯის, შემდეგ კი ახალგაზრდა გენერლის სახით გვევლინება, ამბობს, რომ სივრცეს განსხვავებულობიდან გამომდინარე, ამ სპექტაკლში თამაში განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს, რასაც უდავოა, რომ მსახიობებმა თავი გაართვეს.

"მოჩვენებების" ნახვა  მესხიშვილის თეატრის სარდაფში მალე მაყურებლისთვისაც შესაძლებელი გახდება. უჩვეულო სამყაროში მეგზურობას  თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი გაგიწევთ. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა