მერაბ მეშველიანი: "პატრიოტთა ალიანსის" წევრი არასდროს ვყოფილვარ"
"პატრიოტთა ალიანსის" ყოფილი წევრების "ევროპული საქართველოს" შემადგენლობაში გადანაცვლება ბოლო დღეების განხილვის თემა გახდა.
მერაბ მეშველიანი, რომელიც ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსის" მხარდაჭერით თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ეჭირა, ამჟამად კენჭს "ევროპული საქართველოსდან" იყრის. არსებული ინფორმაციით, ის კვლავ ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატის მოპოვებას შეეცდება, ასევე იქნება პარტიული სიის შემადგენლობაში.
მეშველიანი ამჟამად აღნიშნულ პარტიასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ "პატრიოტთა ალიანსის" პარტიის წევრი არასდროს ყოფილა. "პატრიოტთა ალიანსის" წევრი არასდროს ვყოფილვარ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვიყავი, ამჟამად გულმა სადაც გამიწია, იქ მივედი, "ევროპულ საქართველოს" იგივე იდეოლოგია აქვს- ევროპული ღირებულებები და სიტყვის თავისუფლება"-განაცხადა მეშველიანმა.
ქუთაისის საკრებულოში, 2014 წელს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი" ძირითადად ყოფილი "ნაციონალებისაგან" ჩამოყალიბდა, რომლის შემადგენლობაში მერაბ მეშველიანიც შევიდა.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გია უკლება აცხადებს, პარტიის წევრობასა და ფრაქციის წევრობას შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს.
"ჩემი სტატუსი მერაბ მეშველიანს არ ეხებოდა, თუმცა საკამათოც არაა, რომ ფრაქციის წევრობასა და პარტიის წევრობას შორის დიდი განსხვავება არაა. თუ ფრაქციის წევრი ხარ, გამოდის, რომ იმ პარტიის პოლიტიკის გამტარებელი ხარ"-აღნიშნა "ნიუპრესთან" საუბარში გია უკლებამ.
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გია თევდორაძე არ უარყოფს, რომ მერაბ მეშველიანი მათი პარტიის რიგებშია და იმასაც აღნიშნავს, რომ მეშველიანი 2016 წელს აქტიურად იყო ჩართული "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში.
"ჩვენ ვართ მომავლის პარტია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანების, ამ შემთხვევაში პოლიტიკური მოთამაშეების, წარსული, თუმც ამ შემთხვევაში გაცილებით მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ხედვა ქუთაისის მომავალთან დაკავშირებით. რაც შეეხება მერაბ მეშველიანს, მე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ვაცხადებ, რომ ის აქტიურად იყო ჩართული ჩვენს საარჩევნო კამპანიაში. თუ ვინმესთვის მნიშვნელოვანია ასეთი ნიუანსი და დეტალი, მერაბ მეშველიანი პატრიოტთა ალიანსის წევრი არასდროს ყოფილა",- აცხადებს გია თევდორაძე.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები არა ერთმანეთს, არამედ მმართველ ძალას უნდა დაუპირისპირდნენ.
ავტორი: ხატია ბანძელაძე