|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მმართველ პარტიას ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებენ

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად  ზეწოლისა და მუქარის  ფაქტები გახშირდა. ზეწოლა არა მხოლოდ მხარდამჭერებზე და აქტივისტებზე, საუბნო კომისიის წევრებზეც განხორციელდა. ქუთაისსა და იმერეთში მომხდარი  შემთხვევებითახალი გაზეთიდაინტერესდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისში მის მხარდამჭერებზე განხორციელებული ზეწოლის  შემთხვევებზე საუბრობს. ამის შესახებ დეპუტატობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა განაცხადა.   „საარჩევნო კამპანიის პროცესში ერთ-ერთ ოჯახში მოვხვდი, რომელსაც ძალიან უჭირს, ავადმყოფი ბავშვი ყავთ.  საუბრისას ქალბატონმა აღნიშნა, იმის გამო, რომ მას დაპირდნენ ბავშვის მკურნალობისათვის საჭირო ერთჯერად დახმარებას, მოთხოვეს, თავი გაანებოს  „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიგი წერეთელის მხარდაჭერას.“

  ამ  შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია  ქალბატონის  საუბარი,  დეპუტატობის კანდიდატმა ჟურნალისტებს გააცნო.  როგორც ჩანაწერში მზევინარ  მიქაძე აცხადებს, მას მას დაურეკეს და უთხრეს „თუ არ მოეშვები  "ნაციონალებთან" სიარულს და წანწალს, მაშინ დახმარება მოგეხსნებაო.“

აღნიშნული კადრების სატელევიზიო ეთერში მოხვედრის შემდეგ,   როგორც მზევინარ მიქაძე აცხადებს,  მას კვლავ დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ. „ტელეფონით დამემუქრა ალეკო თევდორაძე, მერიაში საბინაო სამსახურში მუშაობს, ვაკისუბნის მუნიციპალიტეტშიც არის“, მზევინარ მიქაძის განცხადებით, მას წამლებისა და ბავშვის თბილისში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ  დაპირებულ ერთჯერად დახმარებაზე უარი უთხრეს.

ქუთაისის მერიის თანამშრომელი ალეკო თევდორაძე აღნიშნულს უარყოფს.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მზევინარ მიქაძეს დაუკავშირდნენ პოლიციიდან და მომხდარით დაინტერესდნენ.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნული თემით სამართალდამცველები  დაინტერესდნენ და ორივე მხარე გამოიკითხენ. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.

 (ფოტოზე: მზევინარ მიქაძე)

მომხდარით  დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქუთაისში. მადონა ბასილაძის განცხადებით, ფაქტები მათთვის ცნობილია, ხოლო კომენტარს  მათი შესწავლის შემდეგ გააკეთებენ.

გიგი წერეთელის განცხადებით,  დაფიქსირდა  მათი მხარდამჭერზე ზეწოლის მეორე  ფაქტი.

„ჩვენს აქტივისტს  სთავაზობდნენ  გარკვეულ თანხას იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენი პარტიისათვის  მხარდაჭერა შეეწყვიტა და მათ სასარგებლოდ ემუშავა. ამ საუბრის დროს მანქანაში იმყოფებოდა მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატის, კობა ნარჩემაშვილის ძმა, ლაშა ნარჩემაშვილი“ .  წერეთელის თქმით, ამის მიზანი, ალბათ, ის იყო, რომ  საუბარს უფრო „სერიოზული“ სახე მისცემოდა.  „ხელისუფლების კანდიდატები მეტად უნდა იცავდნენ კანონს“, - აცხადებს წერეთელი.

საკითხთან დაკავშირებით, შევეცადეთ კობა ნარჩემაშვილის კომენტარის მოპოვებას, მაგრამ მან განაცხადა, რომ მოსახლეობას ხვდება და ჩვენი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. მოგვიანებით კი, ბრალდებას აბსურდული უწოდა.

მაჟორიტატი კანდიდატის ძმის აქტიურობის შესახებ საუბრობენ ხარაგაულშიც. ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ მაჭავარიანი ხარაგაულში მათი მხარდამჭერის    - რატი იჩქიტიძეზე განხორციელებულ მუქარის ფაქტებზე  საუბრობს. „მას  დაურეკა დეპუტატობის კანდიდატის, კობა ლურსმანაშვილის ძმამ და დაემუქრა: თუ იგი არ შეწყვეტდა ინტერნეტში ,,პოსტების“ წერას,  მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ - იყო სხვასხვა სახის შეურაცმყოფელი მუქარებიც.“

ზეწოლა განხორციელდა რატი იჩქიტიძის მამაზეც.  ოლეგ იჩქიტიძე დაიბარა ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის უფროსმა და დაემუქრა, თუ მისი შვილი გააგრძელებდა აგიტაციას,  მას გაანთავისუფლებდნენ სამსახურიდან.  ასევე რატის ტელეფონზე იყო სხვადასხვა ნომრიდან მუქარის, შეურაცხყოფის ზარები.

აღნიშნული საუბრის სატელეფონო ჩანაწერი დეპუტატობის კანდიდატმა   უწყებათაშორის კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას  გადასცა.

წინასაარჩევნო პერიოდში  ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ ,,პაატა ბურჭულაძე-მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლობაში. საარჩევნო ბლოკის იმერეთის კოორდინატორის, კობა ჩიხლაძის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით იმ საარჩევნო ოლქებში ვლინდება, სადაც მათი საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს მმართველი გუნდი ყველაზე ძლიერ კონკურენტად აღიქვამს. „ზაფხულში მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ჩვენს მხარდამჭერზე ზეწოლის ფაქტი, როცა სოსო ჩიტორელიძეს შეურაცხყოფა ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ლილუაშვილის თვალწინ მიაყენეს.

ხონის მუნიციპალიტეტში ხშირია ზეწოლის ფაქტები ჩვენი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებზე, ზონისა და შტაბის  ხელმძღვანელებსა და კოორდინატორებზე, მათ იბარებენ, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლში აკითხავენ, თხოვენ დატოვონ მოძრაობა ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ და ,,ქართულ ოცნებაში“ გადაინაცვლონ. ზეწოლის შედეგად ხონის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა დატოვა რაიონი და დროებით საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენს მხარდამჭერ სოციალურად დაუცველ ოჯახებს აკითხავენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები დადახმარების მოხსნით ემუქრებიან, მათ კი ვისაც არ აქვს ეს სტატუსი პირდებიან, რომ ,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ დახმარებას დაუნიშნავენ.“

 ფოტოზე: ალექსანდრე კვირიკაშვილი

საუბნო კომისის წევრებზე ზეწოლაზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს ბაღდათის  #26  საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე კვირიკაშვილი. მისი თქმით, საუბნო  6 წევრი, რომლებიც ნეიტრალური ნიშნით არიან დანიშნული,  შტაბში დაიბარეს და  კომისიის წევრობაზე უარის თქმა მოთხოვეს.

კვირიკაშვილის თქმით, 5-მა მათგანმა მითითება შეასრულა, მხოლოდ ერთმა არ დაწერა განცხადება. მმართველი ძალის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ კვირიკაშვილი საუბნო კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის წარდგენილი.  როგორც ალექსანდრე კვირიკაშვილი აცხადებს,  ის პარტიის წევრი არ არის, არც  კომისიის თავმჯდომარეობაზე ჰქონდა პრეტენზია,  მაგრამ საუბნო კომისიის წევრებმა ის აირჩიეს და უარი არ უთქვამს.  

კომისიის ხუთი წევრის, ნანა მანჯავიძის, თენგიზ დახუნდარიძის, ლანა სვანიძის, თეონა ლომიძის და დავით სირბილაძის მიერ კომისიის წევრობაზე უარის თქმის შესახებ განცხადების დაწერის ფაქტს ადასტურებს  ბაღდათის საოლქო კომისიის თავმჯდომარე არჩილ სიგუნავა.  მისი თქმით, საოლქო კომისიის მიერ საუბნო კომიისიის წევრებზე ზეწოლა არ მომხდარა და არ აინტერესებს, თუ რა მიზეზით თქვეს ამ ადამიანებმა კომისიაში მუშაობაზე უარი. საოლქო კომისიამ  საუბნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი ხელმეორედ გამოაცხადა და ახალი წევრებიც შეარჩია. მედიაში ფაქტის გახმაურების შემდეგ საუბნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ უნდობლობის გამოცხადება და მისი შეცვლა აღარ  მოხდა.

ზეწოლის ფაქტები ხშირად გაუხმაურებელი ხდება. ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან, ხშირ შემთხვევაში ამჯობინებენ ჩუმად ყოფნას. მსგავსი ფაქტის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“  ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განგვიცხადა. მათ მხარდამჭერს, რომელიც თვითმმართველობაშია დასაქმებული, განუცხადეს, თუ ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერას არ შეწყვეტდა, სამსახურის დატოვება მოუწევდა. მან გაჩუმება არჩია და პარტიის წარმომადგენლებსაც იგივე თხოვა.

 გაჩუმებაზე უარი თქვა მარტოხელა მოხუცმა ნუცა  ჯუღელმა, რომელიც საკვებს „მადლიერების სახლიდან“ იღებდა და თავისი პოზიციის დაფიქსირების გამო ამ სადილის გარეშე დარჩა. ნუცა ჯუღელი ქუთაისში, ავტოქარხანაში, მშვიდობის ქუჩაზე დაქირავებულ ერთ ოთახში ცხოვრობს. როგორც თვითონ  ყვება, მადლიერების  სახლის თანამშრომელმა, რომელიც ამავე დროს  „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია,   მას უთხრა, თუ  ხმას მისცემდა,  ამ შემთხვევაში  შეძლებდა უფასო სადილის მიღებას. როგორც ქალბატონმა განაცხადა, მან უთხრა, რომ საწყალი ხალხისთვის არავინ  არის და ხმას ვისაც უნდა, იმას მისცემს, რაც გახდა კიდეც მისი დასჯის მიზეზი.    მოხუცი ამბობს, რომ მას ყოველდღიური ულუფის მიღება აუკრძალეს.

მისი განმარტებით, დათხოვის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ იგი „ქართული ოცნების" მხარდამჭერი არ არის.

ნუცა ჯუღელის ბრალდებებს "მადლიერების სახლში" უარყოფენ და განმარტავენ, რომ ის ბენეფიციართა სიაში არასოდეს ყოფილა, რასაც მოხუციც ადასტურებს.    მისი თქმით, ის  არა საკუთარი სახელით, არამედ შვილის სახელით სარგებლობდა, რომელიც სამუშაოდ თურქეთში წავიდა და ჯერ მისგან არაფერი სმენია. 

 

 სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

  ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია  საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა