მმართველობა, ფინანსები და ინფრასტრუქტურა-ქუთაისის მერმა ოთხწლიანი მუშაობა შეაჯამა
მმართველობა, ფინანსები და ინფრასტრუქტურა - ქუთაისის მერმა განვლილი მუშაობა შეაჯამა. შოთა მურღულია ჟურნალისტებს შეხვდა და მისი მერობის დროს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.
მერმა სამ ძირითად მიმართულებაზე გააკეთა აქცენტი; ესენია მმართველობა, ფინანსები და ინფრასტრუქტურა.
მურღულიას განცხადებით, მმართველობის მხრივ მნიშვნელოვანი იყო მერიაში გატარებული რეორგანიზაცია, ელექტრონულ მუშაობაზე გადასვლა და iso სერთიფიკატის მიღება. რაც შეეხება ფინანსებს, მერმა გაზრდილ ბიუჯეტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მერობის დროს ბიუჯეტი გაორმაგდა.
შოთა მურღულიამ ანგარიშში ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაუთმო. მისი განცხადებით, დაიგო 259 ქუჩა, მოეწყო შიდა ეზოები, მოხდა სოციალური საცხოვრისის აგება. გაკეთდა ქუთაისის ყველა შემოსასვლელი, გაკეთდა ცენტრალური გზების ნაწილი, უსაფრთხოების კუნძულები, აშენდა სამი ბაღი და მიშენება მოეწყო 8 საბავშვო ბაღზე.
მერი ქალაქში მიმდინარე პროექტებსაც შეეხო. მისი განცხადებით, ბოლო დროს ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც განხორციელდა საუნივერსიტეტო ქალაქია, რომელიც ეკომომიკური მნიშვნელობით ბევრად უსწრებს პარლამენტის პროექტს. მერი ასევე პარლამენტის დარჩენის საკითხსაც, შეეხო და აღნიშნა, რომ ისე კვლავ რჩება პოზიციაზე, რომ პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში.
ქუთაისის მერმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
შოთა მურღულიას მიერ ანგარიშის წარდგენა სხავადსხვა სფეროს წარმომადგენლებთან გაგრძელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი