|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია უკანონო მშენებლობაზე სანქციების გამკაცრების მოთხოვნას შეუერთდება

ქუთაისის მერიის მიმართვის შემთხვევაში, შესაძლოა, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდეს. მსგავსი მიმართვა უკვე განახორციელა თბილისის მერიამ და ჯარიმების გამკაცრება მოითხოვა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონით სანქციები გათვალისწინებულია ყველგან ერთი ოდენობით, თბილისის მერიის მიმართვის საფუძველზე კი ჯარიმები იმ ტექნიკურ მიმართულებებზე განხორციელდა, რომელსაც თავად მუნიციპალიტეტი ახორციელებს.

"შრომის უსაფრთხოების კუთხით ჯარიმები და სანქციები არის ერთი და იგივე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შრომის ინსპექციის უფლებამოსილების ქვეშ. თბილისის შემთხვევაში, საუბარია, დამატებით ინიციატივაზე,  რომელიც იყო მაღალსართულიან კორპუსების და ტექნიკურად რთული შენობების მშენებლობაზე, რადგან თბილისში  მწვავედ დგას ეს საკითხი, ქალაქის მერის მომართვის საფუძველზე ცვლილება შევიდა იმ ნაწილში, რომელსაც თავად მერიის ზედამხედველობის სამსახურის ახორციელებს. ეს არის, როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე ნებართვის დარღვევა და სხვა საკითხები, რაც მიეკუთვნება ზედამხედველობას.  მერიამ ჩათვალა საჭიროდ, მსგავსი სიმკაცრის სანქციები ყოფილიყო  იმ საკითხებზე, რაც მიეკუთვნება მერიის კომპეტენციას"-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, თუ თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლები მოითხოვენ, მათ მუნიციპალიტეტში მსგავს სანქციებს, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, პარლამენტმა ცვლილებას მხარი დაუჭიროს და ცვლილება შეიტანონ კანონმდებლობაში, რომელიც არეგულირებს შესაბამის ქალაქებში ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექტირებას. დეპუტატის განცხადებით, მერიამ ამის დასაბუთებაც უნდა მოახდინოს.

როგორც მან განმარტა, გარკვეული ხნის წინ შეხვდნენ რეგიონების წარმომადგენელებს, თუმცა იქ მსგავსი მოთხოვნა არავის ქონდა და სანქციების გამკაცრება მხოლოდ თბილისმა მოითხოვა. 

ქუთაისის მერმა უფლებამოსილების მიღებისთანავე დაიწყო უკანონო მშენებლობის მონიტორინგი. გიორგი ჭიღვარია აცხადებდა, რომ მკაცრი და შეუწყნარებელი იქნებოდა ყველა კანონდამრღვევთან და არ დაუშვებდა უნებართვო მშენებლობებს. მერის განცხადებისთანავე დაჯარიმდა კიდეც კომპანია, რომელმაც ორი ტერასული სართული უნებართვოდ მიაშენა.

"ნიუპრესის" კითხვის პასუხად მერიაში განმარტეს, რომ მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა, რის შემდეგაც შემუშავდება დოკუმენტი და განსახილველად პარლამენტს წარედგინება. დასტურის შემთხვევაში,  ქუთაისში უკანონო მშენებლობებზე, ნებართვის დარღვევასა და სხვა ტექნიკურ ხარვეზებზე ჯარიმები გამკაცრდება.

ამ დროისთვის სამშენებლო ნებართვის დარღვევისთვის ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდეა. 

იანვარში  15-მდე ობიექტის მეპატრონე დაჯარიმდა და  პრობლემების გამოსასწორებლად ერთი თვე მიეცათ. 

 

ქუთაისში ნორმების დარღვევის გამო 15-მდე სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა

ქუთაისის მერია კომპანიას ორი სართულის დემონტაჟით ემუქრება

,,არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში უკანონო მშენებლობებს"-გიორგი ჭიღვარია

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი