|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მომავალ წლებში ქუთაისში დაახლოებით ათასამდე ოჯახი მიიღებს ახალ ბინას"

ქუთაისში,  65 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა. დევნილებს ბინების გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა,  იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ  და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ  გადასცეს.

შენობაში არსებული 65 ბინიდან 15-ერთოთახიანი, 40-ოროთახიანი და 10 სამოთახიანი ბინაა. დადიანის ქუჩაზე მდებარე რეაბილიტირებულ შენობაში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 2 587-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად კი 65 ოჯახი შეირჩა, რომელთაც აღნიშნული ფართები გადაეცათ.

აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანის, ჯამბულ ფრუიძის 14 სულიან ოჯახს 3 საცხოვრებელი ფართი 1-სამოთახიანი და 2-ოროთახიანი ბინა გადაეცა.

“საკმაოდ დიდ ხანს ველოდებოდით ბინას, უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობდით და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ამ საჩუქრისთვის“-აღნიშნა 14 სულიანი ოჯახის დიასახლისმა, ნელი მხეიძემ.

 როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, დევნილთა საცხოვრებელი ფართების მშენებლობა მომავალშიც გაგრძელდება:  „65 ოჯახი, რომელიც ცხოვრობდა უკიდურეს გაჭირვებაში, ახალ წელს ახლად გარემონტებულ ბინებში შეხვდება.  მომავალ წელს,  დაახლოებით 450 ოჯახი მიიღებს ბინას მხოლოდ ქუთაისში. ასევე გამოვაცხადებთ ახალ მშენებლობას 480 ბინაზე, რომელიც 2017 წელს ჩაგვბარდება. პარალელურად, დაიწყება  10 ახალი  კორპუსის   მშენებლობა წყალტუბოში. დღემდე ამას არ ვაცხადებდი, არ მინდოდა ფუჭი იმედი მიმეცა დევნილებისათვის. ახლა კი შემიძლია, ვთქვა, რომ მომავალ წელს გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა წყალტუბოში“, -განაცხადა  სოზარ სუბარმა.

მინისტრის თქმით,  მომავალ წლებში ქუთაისში დაახლოებით ათასამდე ოჯახი მიიღებს ახალ ბინას.                            

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე