"მონ პლეზირის ტერიტორიაზე სამუშაოები თავიდანვე არასწორად არის ჩატარებული"
ყველა ის ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც ქალაქს აწუხებს, ერთი და 2 წლის განმავლობაში ვერ მოწესრიგდება, - აცხადებს მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი.
"ყველა ის ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც ქალაქს აწუხებს, ერთი და 2 წლის განმავლობაში ვერ მოწესრიგდება. წელს ქალაქის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სხვა პრიორიტეტები დასახა და მიმდინარე წელს ის შესრულდება. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ფორმულირების პროცესშია და ყველა ერთად ვნახავთ, რა სახეს მიიღებს", - განაცხადა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ.
მისი თქმით, მონ პლეზირის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები თავიდანვე არასწორად არის ჩატარებული და ის რეკონსტრუქციას საჭიროებს: "სამუშაოები თავიდანვე არასწორად არის ჩატარებული, რის გამოც ამ ადგილის შეკეთება შედეგს ვერ გამოიღებს, ამას სჭირდება რეკონსტრუქცია. რკინის კონსტრუქცია, რომელზედაც ეს ფილებია დამაგრებული, ვერ უძლებს ფილების სიმძიმეს, ეს დრომ გამოცადა", - აცხადებს ხიდაშელი.
მირზა ხიდაშელი საკითხისადმი უკიდურესად არაკომპეტენტურ დამოკიდებულებად აფასებს "ლეიბორისტული" პარტიის წარმომადგენლის განცხადებას.
"ასეთ დოკუმენტს ვერ ნახავთ, რომ 400 ათასი ლარი ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციისათვის იყო განკუთვნილი და არ იყო კონკრეტიკა, თუ რომელ ობიექტზეა საუბარი, ეს არის საკითხისადმი უკიდურესად არაკომპეტენტურიო დამოკიდებულება. არ ასე არ ხდება, რომ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ვაპირებთ დავხარჯოთ ნახევარი მილიონი ლარი და არ ვამბობთ კონკრეტულად, რაში რა იხარჯება"- განმარტავს ხიდაშელი.
როგორც ის აღნიშნავს, 20 ათასი ლარია არის განკუთვნილი ტურისტული ინფრასტრუქტურის პროგრამისათვის, სადაც არ არის წინასწარ გაწერილი სამუშაოები, ეს ეხება არაკაპიტალურ სამუშაოებს, როგორიცაა, მაგალითად, "თეთრ ხიდზე" დაზიანებული მინის გამოცვლა და სხვა. მოხდება თუ არა წელს ამ თანხის ათვისება, ხიდაშელი ვერ აკონკრეტებს.
შეგახსენებთ, მონ პლეზირის ტერიტორიის რეაბილიცატია წინა ხელისუფლების დროს, 2007- 2008, წლებში ნუგზარ შამუგიას მერობის დროს მოხდა.
დაზიანებული ფილების აღდგენის მოთხოვნით კი ბრიფინგი "ლეიბორისტული" პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი კიკვაძემ დღეს გამართა. როგორც კიკვაძემ განმარტა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის მერიას 400 ათასი ლარი ქონდა გამოყოფილი (სკვერის მოსაწყობად), რომლის ათვისება არ მოხდა და შესაძლებელი იყო ამ თანხიდან მონ პლეზირის ტერიტორიის მოწესრიგება. რაც შეეხება 3700 ლარს, კიკვაძის განმარტებით, მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ტურისტული ობიექტების მოწესრიგების მიზნით განკუთვნილი თანხიდან მხოლოდ 3 700 ლარი დაიხარჯა.
ავტორი: ირინა მაკარიძე