|
  • EUR 1 = GEL 2.6921
  • USD 1 = GEL 2.411
|

მსახიობი მიშა მესხი სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს

მსახიობი მიშა მესხი სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს. ის საზოგადოებას ბოდიშს უხდის, ასევე იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. 

„მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც, ამ ბოლო დღეებში, მხარს მიჭერდა. უფრო მეტად კი, იმ ხალხის მადლობელი ვარ, ვინც ყურადღება გამოიჩინა, გაჭირვებისას მიპატრონა, დამეხმარა და გადამარჩინა. დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს იმისთვის, რაც ნახა და გადაიტანა; მადლობა ღმერთს, რომ გადამარჩინა. დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ამავე პრობლემის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა, რადგანაც ვიცი, რომ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ყველაფერი გაგახსენდათ, გაგიახლდათ მათი დანაკლისით გამოწვეული ტკივილი, მაპატიეთ…. სინამდვილეში, არც კი მახსოვს რა როგორ მოხდა, მახსოვს რომ დავლიე ბევრი სასმელი, შემდეგ ტაბლეტები, ლირიკა, კიდევ რაღაცეები და გავითიშე… გონზე მოსვლის შემდეგ უკრაინელმა ექიმებმა მითხრეს, რომ ეს იყო ალკოჰოლით და ლირიკით გამოწვეული ინტოქსიკაცია. გავეცანი იმ გამოხმაურებებს, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა. ვფიქრობ, რომ ადამიანის პირად ცხოვრებაში სხვები არ უნდა ერეოდნენ, თუმცა, მეორე მხრივ, ამგვარი ინტერესი ბუნებრივია როცა საქმე „ცნობად სახეს“ ეხება, ამიტომაც, ამას ვერავის ავუკრძალავ. ჩემი სისუსტეები არასდროს დამიმალავს, მათი გამომწვევი მიზეზებია: უიმედობა, დეპრესია, როცა არაფერი გაქვს საკეთებელი, როცა არავის ჭირდები. სინამდვილეში, ჩემს ცხოვრებას, რამდენიმე ახლობელი ადამიანის გარდა, არავინ იცნობს, ისინი ყველაზე მეტად განიცდიან ჩემს მდგომარეობას. ალბათ, ღვთის ნება იყო, რომ გადავრჩი. გაფრენის წინა დღეს ეკლესიაში ვიყავი და ვნახე პატრიარქი, მოუყევი ის, რაც მაწუხებდა, დამლოცა და მითხრა, რომ ხშირად მელოცა. მასთან რომ არ მივსულიყავი, ეს ამბავი, ალბათ, სხვანაირადაც დამთავრდებოდა. რთულია, საკუთარი „სიკვდილის“ ქრონიკის ყურება, მერე კი, სხვადასხვა ადამიანების შეფასებების წაკითხვა, რომელთაგანაც ზოგი ხალისობს, ზოგი განიცდის, ზოგი გაკრიტიკებს.

ნარკოტიკი ყოველდღიური ცხოვრებით გახარების უნარს გაკარგვინებს, მაშინ როდესაც სასიხარულო ჩვენს გარშემო ისედაც ცოტაა, ამ ქვეყანაში, ხომ არავის ულხინს. მე მართლაც მაქვს ნარკოდამოკიდებულობის პრობლემა რასაც სააფთიაქო ნარკოტიკებს ეძახიამ … ჩემი მეგობრები, მთელი თაობები არიან ამით დაავადებული, ამ პრობლემის სირთულეს, მნიშვნელობას და მასშტაბს ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ბოლომდე ვერ იაზრებს და სათანადო ყურადღებასაც არ უთმობს. ნარკომანი ავადმყოფია, მას ვერც დაჭერით განკურნავ და ვერც გაკიცხვით. იმედია, ბევრ ადამიანს მაგალითად გამოადგება ჩემი ამბავი, პირველ რიგში კი ბავშვებს, რომელთაც უნდა იცოდნენ, რომ ნარკომანია არის საშინელი დაავადება. მე ყველანაირად ვეცდები დავძლიო ეს სენი. აქვე, დიდ მადლობას ვუხდი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს რეაბილიტაციის კურსის შემოთავაზებისა და დახმარებისთვის. მე მინდა ამ პრობლემის დაძლევის მაგალითი ვაჩვენო ჩემს მეგობრებს და სხვა ადამიანებს. იმედი მაქვს ამას შევძლებ. აბა თქვენ იცით, ვეცდები სხვა დროს მხოლოდ კარგ ამბებზე გელაპარაკოთ, თუმცა, რამე ცუდი თუ მომივა, იცოდეთ, ძალით არ ვაკეთებ და მართალია შეცდომის დაშვება არასასურველია, მაგრამ ეს ჩემი უფლებაა…”, - წერს მიშა მესხი.

ავტორი: ნიუპრესი