|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავრობა მოქალაქეების ნაწილს მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადების გადახდაში დაეხმარება

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ახერხებს მთავრობა თითოეული მოქალაქის პირდაპირ დახმარებას დღევანდელ ეტაპზე.
 
„აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება რომელზე გადაწყვეტილებაც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ, პირდაპირ არის მიმართული თითოეულ მოქალაქეზე. გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენს შემთხვევაში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რაციონალურად გამოვიყენოთ თითოეული ლარი, რომლის მობილიზებაც დღეის მდგომარეობით მოხერხდა ბიუჯეტში და ეს არის 2 მლრდ ლარი ეკონომიკის, მოქალაქეების პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით, ხოლო 351 მლნ ლარი covid 19-თან ჯანდაცვის თვალსაზრისით პირდაპირი ბრძოლის კონტექსტში", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
 
განმარტებისათვის, ელექტროენერგიის საფასურს რაც შეეხება, დედაქალაქში 1 კვტ/სთ საფასური (დღგ-ს ჩათვლით), 101 კვტ/სთ–დან 301კვტ/სთ-ის ჩათვლით, არის - 18.5555 თეთრი. შესაბამისად, გამოდის, რომ უხეში დათვლებით შეღავათით ისარგებლებენ მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში ელექტროენერგიაზე მაქსიმუმ 37 ლარს იხდიან. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ამ შემთხვევაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდება "თბილისი ენერჯის" იმ აბონენტებს, რომლებიც თვის განმავლობაში მაქსიმუმ - 92 ლარს იხდიან.
 
რაც შეეხება რეგიონებს, "ენერგო-პრო-ჯორჯიას" აბონენტებს შეღავათი შეეხება იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში დენის გადასახადი მაქსიმუმ 36 ლარია. ხოლო "სოკარ-გაზის" აბონენტები შეღავათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი აირის გადასახადი თვის განმავლობაში - 82-83 ლარს შეადგენს.

ავტორი: ნიუპრესი