|
  • EUR 1 = GEL 3.2445
  • USD 1 = GEL 2.9275
|

"მუხნარის ტყის გადარჩენის ერთადერთი საშუალება უნივერსიტეტის მშენებლობაა"

"მუხნარის ტყის გადარჩენის ერთადერთი საშუალება უნივერსიტეტის მშენებლობაა", - განაცხადა საუნივერსიტეტო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის ავტორმა, სამშენებლო კომპანია "ატუს" არქიტექტორმა გოჩა გუბელაძემ.

როგორც მან დღეს ქუთაისის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის  სხდომაზე განაცხადა, საღორიის ტყის მიმდებარედ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის 9 კორპუსი აშენდება, რომელიც 60 000 სტუდენტზეა გათვლილი.

გოჩა გუბელაძემ ქუთაისის საკრებულოს კომისიას საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის განაშენიანების რეგულირების კორექტირებული გეგმა წარადგინა. მისი განმარტებით, გეგმა კორპუსების განლაგებას გულისხმობს, ასევე დაგეგმილია 153 ათასი კმ. ფართობი ტყის შემოღობვა.

"მუხნარის ტყის გადარჩენის ერთადერთი გზა უნივერსიტეტის მშენებლობაა. მშენებლობის მეორე ეტაპზე დაგეგმილია საღორიის ტყის შემოღობვა. ახლა ტყე ნადგურდება, რკო ჩამოვარდება და ღორი ჭამს, ნერგი გაიზრდება და პირუტყვი ანადგურებს. აუცილებელია ტყის დაცვა, რომელიც გერმანელი ექსპერტების თქმით, სავალალო მდგომარეობაშია. მოხდება სანიტარული ჭრა. რაც შეეხება გეგმაში ცვლილებას, ეს გამოწვეულია კორპუსების მშენებლობით, იმისთვის, რომ ადგილზე ხეები გადავარჩინოთ, განლაგება შეიცვალა. ადგილზე 9 კორპუსი აშენდება, ამათგან, სამი ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული, ეს ფაქტობრივად, ახალი ქალაქი იქნება", - განაცხადა გოჩა გუბელაძემ.

როდის დაიწყება ტყის შემოღობვა და ვის მიერ შესრულდება სამუშაოები, მან ჟურნალისტების კითხვებს აღარ უპასუხა და ზოგადად, განმარტა, რომ სამუშაოები მეორე ეტაპზეა გათვლილი.

მერიის არქიტექტურის ააიპის ხელმძღვანელის რუსუდან ჩინჩალაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მისთვისაც არაა ცნობილი, როდის დაიწყება შემოღობვა, ან ვინ შეასრულებს სამუშაოებს. მისი თქმით, ეს პირველადი ინფორმაციაა, რომელიც დღეს განაშენიანების კორექტირებული გეგმის წარდგენის დროს გაჟღერდა. მან ასევე განმარტა, რომ ტყის შემოღობვა არ გულისხმობს ვინმეს დაქვემდებარებაში გადასვლას და მიზანი ტყის გადარჩენაა.

რაც შეეხება გეგმაში ცვლილებას, განმარტავს, რომ ცვლილება ძირითადად, კორპუსების ადგილმდებარეობას შეეხებოდა და  მიზანი, რაც შეიძლება მეტი ხის შენარჩუნებაა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი