|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მუზეუმებში დაცული განძი, რომელიც ხელახლა აღმოსაჩენია

 ქუთაისსა და იმერეთში, ზოგადად, საქართველოში მუზეუმების მონახულების კულტურას ბიძგი ნამდვილად ჭირდება.   არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები, რომლებიც “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი  პროექტის ფარგლებში მომზადდა,  მუზეუმებში ვიზიტორების მოზიდვისა და ამ მიმართულებით ჩასატარებელი სამუშაოების გზების ძიებას ეხება.

კვლევის ავტორები ტურისტების რაოდენობის ზრდის პარალელურად მათ მიერ მუზეუმებით დაინტერესების მაჩვენებლით ინტერესდებიან. ირკვევა, რომ ტურისტები მუზეუმებზე მეტად ბუნებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლებით ინტერესდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის „განათლება და სამყარო“ (ივლიტა გოგუა) მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, იმერეთში და კერძოდ, ქუთაისში მუზეუმების სიმრავლის მიუხედავად, დამთვალიერებელი ნაკლებადაა.

კვლევის მიხედვით, საქართველოში სულ 241 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალია. მათ შორის იმერეთის რეგიონში - 35.  იმერეთში მუზეუმების რაოდენობა, თბილისის გარდა, სხვა ყველა რეგიონის მაჩვენებელს აღემატება. თუმცა, მნახველების მაჩვენებლით (94,6 ათასი ვიზიტორი 2017 წელს) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება თბილისსა და 4 რეგიონს (კახეთი, შიდა ქართლი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი). აღნიშნული მონაცემები პრობლემის არსებობას ადასტურებს.

კვლევის მიზანს იმერეთში მუზეუმების ტურისტული პოტენციალის შესწავლა წარმოადგენს.  ძლიერი და სუსტი მხარეები, რომელიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, ასეთია: გვაქვს  ჩაბნელებული და ნაკლებად მოვლილი, მაგრამ  ექსპონატებით დახუნძლული მუზეუმები.  მხოლოდ  ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში 200 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული, თუმცა, შესაბამისი სივრცე მათ გამოსაფენად არ არსებობს და ექსპონატების დიდი ნაწილი საცავებშია შენახული. შეიძლება ითქვას, რომ  ეს არის განძი, რომელიც ხელახლა აღმოსაჩენია.

 ახალი მუზეუმის მშენებლობის საკითხი წლების განმავლობაში იდგა ქუთაისში, თუმცა საკითხი დადებითად ვერ გადაწყდა, ქუთაისის ცენტრში, თეატრის მიმდებარედ, ახლაც უფუნქციოდაა მუზეუმის ყოფილი შენობა, მუზეუმი კი ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადაიტანეს, შენობა ბანკისთვიაა განკუთვნილი და არა მუზეუმისათვის, შესაბამისად, ექსპონატების დიდი ნაწილი საცავებშია და მის გამოსაფენად საჭირო სივრცე შენობას არ აქვს. არადა,  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, „კოლხურ შადრევანთან“, სადაც ყველა ტურისტი მიდის, თანამედროვე მუზეუმის არსებობა იმის პირობა იქნებოდა, რომ ის აუცილებლად მოხვდებოდა ვიზიტორების ყურადღების ცენტრში. სახელმწიფოს მხრიდან მუზეუმების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენის შემთხვევაში, საუბარია, მიდგომების შეცვლასა და მუზეუმების მოდერნიზებაზე, შედეგი გაცილებით უკეთესი იქნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის ხელშეწყობით აღნიშნულ თემაზე საუბარი დაიწყო, რაც  გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯია  პროცესების ადგილიდან დაძვრისათვის.

(მუზეუმის ყოფილი შენობა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე) 

აღსანიშნავია, რომ წელს ქუთაისში კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის თანამედროვე სამუზეუმო სივრცედ გარდაქმნა იგეგმება. დაგეგმილია მუზეუმის რეაბილიტაცია და მის ბაზაზე სახელოვნებო სივრცის მოწყობა, რაც პირველი მცდელობა იქნება მუზეუმისათვის ახალი სიცოცხლის შთაბერვის და მისი გათანამედროვეობის, თუმცა, საყურადღებოა, რომ რეაბილიტაციის შედეგად მუზეუმის ავთენტურობის დაკარგვა არ მოხდეს.

კვლევის ავტორი აღნიშნავს, რომ მუზეუმების ხელმძღვანელობა ძირითადად წარსულზე დაყრდნობითა და საკუთარი გამოცდილებით გეგმავს ღონისძიებებს. „ვერც აცნობიერებენ, რა შეიძლება გაკეთდეს ვიზიტორების მოსაზიდად“-ნათქვამია კვლევაში.

 კვლევის ავტორი აქცენტს აკეთებს მუზეუმების ვიზუალურ მხარეზე, ნაკლებად მიმზიდველ ინტერიერსა და ექსტერიერზე,  აღნიშნავს, რომ აღნიშნული პრობლემა დაფიქსირდა, როგორც ადმინისტრაციის, ასევე სტუმრების მხრიდან.  ასევე ორივე მხარე საუბრობს ბუკლეტების არარსებობასა და მუზეუმებზე ინფორმაციის ნაკლებობის შესახებ.  

კვლევის რესპონდენტები არიან ქუთაისის ტურიზმის ცენტრის წარმომადგენელი, ქუთაისის მერიის კულტურის ააიპის ხელმძღვანელი, აგრეთვე მუზეუმების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტები.

 კვლევაში საუბარია ტურისტული სააგენტოების როლზე, როგორც სააგენტოების წარმომადგენლები მიუთითებენ, სტუმრები ნაკლებად ინტერესდებიან მუზეუმებით, ამიტომაც ისინიც იშვიათად სთავაზობენ ამ მომსახურებას.  აღსანიშნავია, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის როლი, რომელიც  წარმოადგენს ქალაქის მერიის ააიპს და ბიუჯეტიდან ფინანსდება. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით დგინდება, რომ ათეულ ათასობით ლარი იხარჯება ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლების მივლინებებში. ისინი სხვადასხვა ქვეყნების ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობენ და ავრცელებენ ინფორმაციას ქუთაისისა და იმერეთის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე, თუმცა მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აქცენტი მუზეუმებზე ნაკლებად კეთდება.   

„მუზეუმებში ვიზიტორთა მისვლის გამომწვევი ფაქტორები“ თემთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ასოციაციის ,,იმერეთი“ წარმომადგენლებმა დავით ვასაძემ და მიხეილ უშვერიძემ გამოიკვლიეს.

მათი კვლევის მიზანს წარმოადგენს დაადგინონ, თუ რა სტრატეგიული მიდგომები და მიზნები გააჩნიათ მუზეუმებს ტურისტების მოსაზიდად; როგორ თანამშრომლობენ ისინი ბიზნეს სექტორთან (მაგალიტად ტუროპერატორებთან) და რა ინტერესები და მოლოდინები აქვთ ტურისტებს მუზეუმების მიმართ. კვლევა ჩატარდა იმერეთის რეგიონის 3 მუნიციპალიტეტში: ქუთაისში, წყალტუბოსა და ხონში. გამოიკითხნენ როგორც მუზეუმის თანამშრომლები, ასევე ტუროპერატორები და ტურისტები.

კვლევის ავტორების დასკვნის თანახმად, ტურისტების უმრავლესობა დაინტერესებულია საქართველოს ბუნებითა და ხუროთმოძღვრების ძეგლებით ხილვით. მხოლოდ ტურისტების სპეციფიკური ჯგუფი (რომელთათვისაც შექმნილია სამუზეუმო ტურები) შეიძლება დაინტერესდეს სხვადასხვა მცირე მუზეუმებში წარმოდგენილი ექსპონატებით;

ისინი სამუზეუმო ექსპონატების მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენენ, თუმცა, ტურებიდან გამომდინარე, მათი ნაწილი ნამყოფია ცენტრალურ მუზეუმებში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, სვანეთი, ბათუმი და სხვა) და ისურვებდნენ რაიმე შემეცნებითი ტიპის ღონისძიებების დანერგვას მუზეუმში.

კვლევის ავტორები გასცემენ მთელ რიგ რეკომენდაციებსაც, მათ შორის მუზეუმებსა და ტურისტული კომპანიების ინტერესების თანხვედრის შესაძლებლობებზე, ასევე, მუზეუმების მხრიდან ცნობადობის გაზრდის გზებზე, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებასთან ერთად, სამუზეუმო ტურების გახალისებას და გარკვეული სიახლეების შეტანას გულისხმობს.

კვლევების გამოყენება და მასში გათვალისწინებული მოსაზრებების გათვალისწინება მნიშვნელოვნად წაადგება ამ საქმეს.  

რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კვლევები მომზადდა ევროკავშირის პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან და ასოციაცია ათინათთან თანამშრომლობით.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა