|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მხატვრობა თავისუფლებაა -რატომ არ არქმევს ნახატებს სახელს ირმა კუხიანიძე?

ხატვა ბავშვობიდან დაიწყო, დაამთავრა სამხატვრო აკადემია, ქონდა რამდენიმე პერსონალური  და საერთაშორისო გამოფენა. მხატვარი ირმა კუხიანიძე თავისი ხელწერით გამოირჩევა. მშვიდი ფერები, ბუნებრივობა და ბროწეულები  მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელია. ამბობს, რომ ბროწეულის განსაკუთრებული სილამაზე მას განსაკუთრებულად ხიბლავს და ეს მცენარე, როგორ მის შემოქმდებაში, ასევე მის ცხოვრებაშიც მნიშვნელოვან ადგილს იჭერს. შემოქმედებასა და გეგმებზე მხატვარმა "ნიუპრესთან" ისაუბრა. 

 

–ხატვას ბავშვობიდან იწყებს ყველა, მაგრამ თქვენ როდის მიხვდით, რომ ეს არის საქმე, რაც თქვენს პროფესიას განსაზღვრავდა?

–როგორც ყველამ, ხატვა ბავშვობიდან დავიწყე. ყველა ბავშვი ხატავს და მეც არ ვიყავი გამონაკლისი. მერე სამხატვრო სკოლაში  ჩავბარე, ბავშვთა  საერთაშორისო კონსკურსში მივიღე მონაწილეობა და  გავიმარჯვე. იქედან მივხვდი, რომ უნდა მეხატა, მერე დავამთავრე სამხატვრო აკადემია თბილისში. მას შემდეგ ვხატავ.

 

–თუ გაქთ გამორჩეული ჟანრი, რომელზე მუშაობაც გაცილებით გხიბლავთ?

–ვერ ვიტყვი, რომ გამორჩეულად რომელიმე ჟანრი მომწონს, ვერც იმას გეტყვით, ჩემი შემოქმედება რა ჟანრშია, ამას დრო დაარქმევს სახელს, ვხატავ სხვადასხვა სტილში.

 

–რა შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო?

–ინსპირაცია ყველაფერი შეიძლება გახდეს, ფერი, ამბავი, უბრალო სიტყვაც. შეიძლება ხელით არ მუშაობდე, მაგრამ თვალი ყოველთვის მუშაობს, იმახსოვრებს, მერე ამ განცდებს, რაც შენში დაილექა, გადმოსცემ. რომ გითხართ, წინასწარ ვფიქრობ რა გამოვათქო, ასე არაა. იშვიათად, რომ მცოდნოდა, რა უნდა დამეხატა. ზოგჯერ მუშაობაში იცვლება იდეა, სტილი და გამოდის სრულიად სხვა რამ, ვიდრე დავიწყე.

 

–თუ მიგიტოვებიათ ნახატზე მუშაობა?

–ასეთი არ მახსენდება, მაგრამ ყოფილა, რომ ნახატზე სხვა რამ გადამიხატავს, შემიცვლია და ზოგჯერ სამი ნახატია ერთ  ნამუშევარზე. ყოფილა შემთხვევა, დასრულებული მგონებია ნახატი, მაგრამ მერე ისევ მივბრუნებივარ და რაღაცეები მიმიმატებია, მაგრამ არის შემთხვევა, რომ დახატავ და მორჩა, არ ჭირდება რამეს მიმატება.

 

–თქვენი ნახატები ბუნებრივი ტონებით გამოირჩევა, თუ გაქვთ განსაკუთრებული ფერი?

–ფერები მნიშვნელოვანია. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად რომელიმე ფერი მიყვარს, ყველა მომწონს, ყველას თავის ადგილი აქვს და ერთიან სივრცეს ქმნიან.

 

–ბროწეულები, თქვენი სავიზიტო ბარათი, მას თქვენ შემოქმდებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს?

–არ ვიცი, არანორმალურად მიყვარს, რაღაც დატვირთვები აქვს ბროწეულს, როგორც  სიმბოლო ჩემთვის განსაკუთრებულია, როგორც შემოქმდებაში, ასევე ცოცხალ ბროწეულებსაც ვიყენებ. ამას წინათ თავსხმა წვიმაში ვკრეფდი, უფროს სწორად, ღობიდან ვიპარავდი, იმდენად ლამაზი იყო, სხვებსაც მოსწოთ ჩემი ბროწეულები.

 

–რამდენიმე პერსონალური გამოფენა გქონდათ, ასევე მონაწილეობთ  ჯგუფურ გამოფენებში,  ამბობთ, გამოფენის დროს მხატვარი სხვაგვარად ხედავს ნამუშევრებს...

–რამდენიმე პერსონალური გამოფენა მქონდა, ასევე ვმონაწილეობ ჯგუფურ გამოფენებში. 2016 წელს იტალიაში გამართულ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა.  გამოფენა მნიშვნელოვანია მხატვრისთვის, რადგან ამ დროს სხვები ეცნობიან  შენ შემოქმედებას, ასევე შენც სხვაგვარად აღიქვამ სივრცეში გამოფენილ ნახატებს, ხვდები, რა შეიძლებოდა შეცვლილიყო. ჯერჯერობით, დაგეგმილი არ მაქვს პერსონალური გამოფენა,  მონაწილეობას ვიღებ ჯგუფურ გამოფენებში.

 

–გიჭირთ თუ არა ნახატთან გამომშვიდობება?

–რა თქმა უნდა, ძნელია, ზოგჯერ შეუჩერებლად ხატავ, ვიდრე საკუთარ განცდებს არ გადმოსცემ, ძნელია გამომშვიდობება, თუმცა კარგია, ნახატი რომ იყიდება და კარგ ოჯახში დაიდებს ბინას.

 

– ნახატს ყველას თავისებურად აღიქვამს, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად იგებს  დამთვალიერებელი თქვენს მესიჯებს?       

–ზოგჯერ ხვდებიან, ზოგჯერ იმდენად საინტერესო რამეებს ხედავენ, რაზეც მეც არ მიფიქრია მუშაობის დროს. რა თქმა უნდა, მხატვრობა თავისუფლებაა, როგორც მხატვრისთვის, ასევე დამთვალიერებლისთვის. მას  ყველა საკუთარი გადმოსახედიდან აღიქვამს, ამიტომ სახელებსაც არ ვარქმევ ნახატებს, რომ ამით ჩარჩოში არ მოვაქციო დამთვალიერებელი და არ დაიწყოს იმის ფიქრი, თუ მე რას ვფიქრობდი. მან თავად უნდა დაარქვას სახელი ნახატს. ჩემი პერსონაჟები სხვადასხვა განცდებით არიან, მაგრამ სევდაშიც შეიძლება იმედი დაინახოს ადამიანმა, მაგრამ ამას მხატვარი ვერ უკარნახებს, ეს თავად უნდა იგრძნოს მნახველმა.

         

–სახელოსნო გახსენით ბავშვებისთვის, რამდენად საინტერესოა მათთან მუშაობა?

–მინდა ბავშვებს ვასწავლო, გავუზიარო ჩემი გამოცდილება.  საინტერესო პროცესია, მე ვასწავლი, მაგრამ მათგანაც იმდენ რამეს სწავლობ, გაკვირვებული ვარ. ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი