|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე - მიხეილ სააკაშვილი

მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე  - ამის შესახებ მოშიმშილე მესამე  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში აცხადებს,  რომელიც საზოგადოებას  მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო. 

 მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ამ დროისათვის მზადაა გადავიდეს გორის ჰოსპიტალში. 

„ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო და თანამებრძოლებო, მინდა მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ უპრეცედენტო სოლიდარობისთვის და ჰუმანურობისთვის. მეც კი, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის, გაოგნებული ვარ, ჩემი ერის გვერდში დგომის უნარით და ჰუმანურობით. თქვენ, ვისაც ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და მთლიანად დაკავდით ჩემი საკითხით და მსოფლიოში ასეთი რეზონანსი არასდროს გამოგიწვევიათ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ასევე, მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემს მიერ უნებლიედ მიყენებული სტრესისთვის, რომელიც მიადგა მთავრობის გულქვაობის პირობებში, ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის მუდმივად მასმედიაში გაშუქებით.

ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს. დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას გმირობისთვის. ჩვენს ეროვნულ სიამაყეს პაატა ბურჭულაძეს და ჩვენს ყველა დონის დეპუტატებს, სოლიდარობის ნიშნით შიმშილობისთვის. რაც მთავარია, ყველაზე დიდი მადლობა უბრალო და სინამდვილეში, ყველაზე გამორჩეულ და განსაკუთრებულ მოქალაქეებს სიცივეში დგომისთვის თუ შიმშილობის აქტებისთვის, პეტიციების ხელმოწერებისთვის თუ სხვა ტიპის მხარდაჭერისთვის. უზარმაზარი მადლობა ჩვენს საექიმო თანამეგობრობას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, - ქართველ ექიმებს, რომლებმაც უმაღლესი პროფესიონალური წესიერება და კვალიფიკაცია გამოიჩინეს.

მადლობა ოჯახის წევრებს გვერდში დგომისთვის და ძალიან დიდი ბოდიში მიყენებული ნერვიულობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარდამჭერებს და საერთაშორისო მედიას ჩემი სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლისთვის და რაც მთავარია, ჩემი სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის. განსაკუთრებული და უზარმაზარი მადლობა ნინო ლომჯარიას და მის არაჩვეულებრივ გუნდს. ასევე უკრაინის სახალხო დამცველს და განსაკუთრებით უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინელ ხალხის. დიდი მადლობა სახელმწიფო ინსპექტორის ოფისს, ყველა კონსილიუმს და თითოეული კონსილიუმის წევრს. თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს. პირადი და განსაკუთრებული მადლობა ქართულ თავისუფალ მედიას. დღეისთვის ამ ქვეყნის მომავალზე ყველაზე გამორჩეულად, თავდადებულად და რაც მთავარია, წარმატებულად მებრძოლ ინსტიტუციას.

მე დავთანხმდი ჩემს მიერ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არცერთი დღით შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას. მე, მიხეილ სააკაშვილი, მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმის განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს, მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონოი და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ ქვეყნის განთავისუფლებით და როდესაც გათავისუფლდება ქვეყანა, მერე ვიქნები გარეთ და თქვენთან ერთად ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის, ჩავრთვები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში, სიღატაკის და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტივობის და უიმედობის დასრულებაში.

ახლა მოშვების დრო არ არის, ახლა კონსოლიდაციის დროა. არ შევუშინდეთ არც ზამთარს, არც რეჟიმის მუქარას, არ ჩავთვალოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ. მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა, ბოლოს და ბოლოს რას ვითხოვთ ისეთ, რასაც არ ვიმსახურებთ, ვითხოვთ ვცხოვრობდეთ თავისუფალ არაძალადობრივ ქვეყანაში, გვქონდეს ისეთი შემოსავალი, რომ არ გვეჭიროს თავი გაქცევაზე, შევძლოთ უზრუნველად გავზარდოთ ჩვენი შვილები და მივხედოთ ჩვენს მშობლებს. გვქონდეს მომავალი, როგორც პირადად ასევე მთელ ქვეყანას. როგორც არასდროს ისე მჯერა გამარჯვების და როგორც არასდროს მჯერა, რომ ახლა სწორედ გამარჯვების დროა. არცერთი გარიყული ადამიანი, არცერთი დაკარგული წამი, არცერთი ნაბიჯი უკან“, - ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა