|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარკინგსერვისი“ ახლობლების და "ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმების ადგილი გახდა"

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარკირების საფასურის  განახევრების ინიციატივით გამოდის.

ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, პარკირების საფასური ძალიან მაღალია, რაც მძიმე ტვირთად აწევს ქალაქის მოსახლეობას.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში პარკინგის საკითხის მოწესრიგება დაევალა არა კერძო კომპანიას, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, არამედ მუნიციპალიტეტის მიერ საგანგებოდ დაფუძნებულ კომპანიას, ასევე პარკინგის ადგილების გაზრდის და სხვა პრობლემების მიმართულებით არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები.

"უფრო მეტიც, ქუთაისში მივიღეთ „სითი პარკის“ ანალოგიური მოდელი იგივე ტარიფებით და მიდგომებით, რომელსაც ასე აკრიტიკებს როგორც მოსახლეობა, ოპოზიციური პარტიები, მათ შორის "ქართული ოცნება". პარკირების საფასური არ არის ქუთაისის მოსახლეობის შემოსავლების და პარკირების ადგილების რაოდენობის ადეკვატური.სამწუხაროდ „პარკინგსერვისი“ გახდა ახლობლების და "ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმების ადგილი, რომელთა ხელფასებე და პრემიები ქუთაისელთა ჯიბიდან ამოღებული თანხით ფინანსდება"–განაცხადა გიგა შუშანიამ, რომლის ინფორმაციითაც, 2016 წელს “პარკინგსერვისმა“ ბიუჯეტში შესატანი საიჯარო ქირიდან, 463 415 ლარის ნაცვლად, მხოლოდ 100 000 ლარი შეიტანა. ხოლო ხელფასებსა და პრემიებზე 2016 წელს 320 000 ლარამდე დაიხარჯა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, განახევრდეს პარკირების საფასური. ამასთანავე დაიწყოს მუშაობა სტრატეგიაზე, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდება პარკირების ადგილების გაზრდის და ამ სფეროში არსებული პრობლემების  გადაჭრის მკაფიო, დროში გაწერილი გეგმა"–განაცხადა გიგა შუშანიამ. 

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამასთანავე გამოთქვამს მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს ინიციატივის განხილვაში.

 

ავტორი: ნიუპრესი