|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ მეგონა, თუ კიდევ ვინმეს ქონდა კითხვა, რა განსხვავებაა ლეგალიზაციასა და დეკრიმინალიზაციას შორის" - აკაკი ზოიძე

არ მეგონა, თუ ვინმეს კიდევ ქონდა კითხვა, რა განსხვავებაა ლეგალიზაციასა და დეკრიმინალიზაციას შორის - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ  აკაკი ზოიძემ. მისი განცხადებით, ნარკორეფორმასთან დაკავშირებით კანონპროექტში ბევრი ცვლილება შევიდა, რომლის განხილვაც იურიდიულ კომიტეტში მოხდება. 

„გარკვეული შენიშვნები იყო ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მას შემდეგ ბევრი ვიმუშავეთ, მთელი რიგი ცვლილებები მომზადდა, რომელიც იურიდიულ კომიტეტში პირველი განხილვისას აუცილებლად შევა. არის კიდევ რაღაც საკითხები, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა. იმედი მაქვს, რომ კონსულტაციების შედეგად კონსესუსს მივაღწევთ.

ეს ეხება ძირითადად ოდენობების თემას - სად გადის ზღვარი მოხმარებასა და გასაღებას შორის. ეს ეხება ასევე დეკრიმინალიზაციის ვადებს. არ მეგონა, თუ ვინმეს, საქართველოს რომელიმე მოქალაქეს, არა თუ ჩემს კოლეგას, ან ჟურნალისტს, კიდევ ექნებოდა რაიმე კითხვა, რა განსხვავებაა დეკრიმინალიზაციასა და ლეგალიზაციას შორის. ამიტომ ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვა, საუბარია, ნარკოტიკი გახდეს მოხმარების შემთხვევაში დასჯადი  არასაპატიმრო სასჯელით, გამსაღებლის შემთხვევაში კიდევ უნდა გამკაცრდეს იმ მიმართულებით, რომ გადაიკეტოს ე.წ.სააფთიაქო ნარკომანია. ანუ გამსაღებელთან სამუდამო პატიმრობა, მაღალი საპატიმრო სასჯელები რჩება.

ამოქმედდება ბერკეტები, რომლებიც სააფთიაქო ნარკომანიას შეაჩერებს.

ხოლო ნარკომომხმარებლების მიმართ  იქნება ადმინისტრაციული სასჯელი და სამოქალაქო შეზღუდვები. 

ამასწინათ მოვისმინე, ვიღაცეებს გონიათ, რომ ახალი ინიციატივებით გამოვიდნენ რესოციალიზაციაზე, ჩვენ სწორედ ამას ვიძახით, რომ შემოვა სპეციალური კომისია, რომელსაც ექნება მოქალაქეების უფლებებში შეზღუდვის უფლება. პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, რომელიც მას შესთავაზებს დახმარების ხელს ზიანის შემცირებისთვის. შეუძლია იყოს ის ოფიციალურად დარეგისტრირებული კომისიაში ნარკოტიკის მომხმარებელი, რომელსაც ექნება ძალიან მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა. მართვის უფლების შეზღუდვა, ექიმად, საჯარო სამსახურში, მასწავლებლად, მფრინავად სხვადასხვა ადგილზე, სადაც მართვის მოწმობა სჭირდება, ასევე შეზღუდვა საჯარო ადგილებში, მათ შორის ღამის კლუბებში. არის მთელი არსენალი, რომლითაც რისკების პრევენცია უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. ამ კუთხით იქნება შეზღუდვა და მეორე  ის,  რომ მაგალითი და სოციალურად მისაღები არ გახდეს ნარკოტიკის მოხმარება. მგონია, რომ თუ ჩვენ ამას კარგად გავიაზრებთ კოლეგებთან ერთად, არა მგონია, ვინმეს ასეთ ნორმებთან ქონდეს პრობლემა. ამასთან, ძალიან დიდ თანხებს ჩავდებთ განათლებასა და სპორტის განვითარებაში და მესამე, რომ მომხმარებლის მიმართ ვიყოთ ადამიანურები. ეს არის ამ ნარკორეფორმის იდეა და ამ პრინციპებზე დაყრდნობით მივიღებთ ნარკოპოლიტიკის რეფორმას“–განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი