|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყველაფერი წყდება მერის კაბინეტში და არა კომისიის სხდომებზე"-ნატო ქათამაძე

 ქუთაისის საკრებულოს  დეპუტატი ნატო ქათამაძე 2016 წლის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს აპროტესტებს.   მისმა განცხადებამ საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია. თუ რა იყო ქათამაძის პროტესტის მიზეზი, ამის შესახებ მან "ნიუპრესთან" ისაუბრა.

-თანხა ბიუჯეტის იმ პუნქტებს მოაკლდა, რომელიც პირდაპირ იყო ამომრჩეველზე „მიბმული“, ესაა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სახლების გადახურვის პროგრამა, ასევე სოციალურად დაუცველების ყოფითი პირობების გაუმჯობესების,  მედიკამენტოზური დახმარების  პროგრამები. სამივე პუნქტიდან ჯამში, 150 ათასი ლარი გამოათავისუფლა მერიამ.   თანხა მოაკლდა ასევე პროგრამა „კორპუსს“- 120 000 ლარი.

ეკონომიკური სტიმულირებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას მოაკლდა 75 000 ლარი, რომელიც ადგილობრივი პროდუქციის პიპულარიზაციისთვის და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისთვის იყო მშნიშვნელოვანი. ან თუნდაც, რატომ მოაკლდა თანხები გზებისა და ტრორუარების რეაბილიტაციას, აღარ არის საჭირო ტროტუარების მოწყობა, ან ქალაქის გამწვანებას? რისთვის გააკეთეს ეს ეკონომია? პასუხი მარტივია, იმისათვის რომ თანხები გადაერიცხათ სხვაა მიმართულებით. ჩავხედოთ ბიუჯეტის ცვლილებებს  -  ფეხბურთის განვითარების ფონდს დაემატა 407 000 ლარი;  ლ. მესხიშვილის სახელობის პროფ. დრამატული სახ. თეატრი - 15 000 ლარი; შპს „საკალთბურთო კლუბი „ქუთაისი“ -2010“ - 115 000 ლარი; სპორტული ღონისძიებები (აია) -  70 000 ლარი; ააიპი სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება - 120 000 ლარი. ამასთანავე სამედიცინო დახმარების პროგრამას დაემატა 65 000 ლარი,  მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 65 000 ლარი.  

საქმე იმაშია, ვინც კი ფინანსდება ბიუჯეტიდან,  წინასაარჩევნო პერიოდში ყველა ჩრთული იყო ხელისუფლების კანდიდატის პიარ კამპანიაში, მათ შორის სპორტის მიმართულების წარმომადგენლები, აიპებისა და ფედერაციის წარმმადგენლები,  სწორედ ამ "ამაგის" გამო გაუზარდეს მათ ბიუჯეტი.

ახლა ვიკვლევ ინფორმაციას და ძალიან მალე ვიტყვი კონკრეტული ადამიანების სახელებს, ვინც დგას ამ კონკრეტული მუხლების და გადარიცხვის უკან. 

-მერიის განმარტებით, თანხა  ეკონომიის შედეგად დაიზოგა, რის გამოც ის გადანაწილდა სხვა მუხლებში...  

-რა ეკონომიებზე ლაპარაკობთ, მაშინ არასწორად დაგეგმილი ყოფილა ბიუჯეტი.  წამლების პროგრამას მოაკლდა 80 ათასი ლარი, ნუთუ არ ჭირდებოდა ქუთაისის მოსახლეობას წამლებით დახმარება? ქუჩაში რომ გავაკეთოთმარტივი გამოკითხვა, ამ კითხვის პასუხს მივიღებთ მოსახლეობისაგან. უბრალოდ, ქუთაისის მერიას ამ ეტაპზე ამომრჩეველი აღარ აინტერესებს, დააინტერესებს მხოლოდ  მომდევნო არჩევნების წინ. ახლა აინტერესებს საკუთარი კეთილდღეობა. როდესაც საუბარი იყო "სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობაზე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკუთარი კეთილდღეობა გაიგო და არა ქვეყნის და ქალაქის.

-თქვენმა ოპონენტმა საკრებულოს უმრავლესობიდან (გურამ ტოროშელიძე)  ასეთი განცხადება გააკეთა, "რატომ უნდა ვითმინოთ 24 ადამიანმა ერთის გამოსვლაო“, თქვენ რას იტყვით, ეს რას ნიშნავს, მარტო დარჩით ხელისუფლებასთან ოპონირებაში?

-ის ერთი ადამიანი  ნუ ლაპარაკობს 24-ს სახელით. ყველას შეუძლია თავად თქვას თავისი აზრი. ამ ადამიანს მოუწევს რიხის შეცვლა, როდესაც მე კონკრეტულ მასალებს დავდებ, ვის რამდენი თანხა აქვს მიღებული ბიუჯეტიდან.

-თქვენ ბრალდებად ისიც წამოგიყენეს, რომ კომისიის სხდომებს არ ესწრებით, სადაც საკითხების რეალურად განხილვა ხდება...

-კომისიის სხდომებს შეიძლება ბოლო ორი თვე მართლაც არ ვესწრებოდი, ჩემი წინასაარჩევნო რეჟიმიდან გამომდინარე, თუმცა ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ტოროშელიძემ ახსენა საბიუჯეტო კომისიის სხდომა, რომლის თავმჯდომარე (ლელა ქელბაქიანი), რომელიც ხელფასს იღებს ბიუჯეტიდან და არც თუ ისე მცირე თანხას, თვითონ თვეები არ დადიოდა საკრებულოში. ასევე სხვებიც, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, აბსოლუტურად არაფერს აკეთებენ და სხვისკენ იშვერენ ხელს. მე შემიძლია ვთქვა, რომ 2 წელი და 5 თვეა, რაც ვარ საკრებულოს წევრი და ერთი ლარი არ ამიღია ჩემს საქმიანობაში.  რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ყოველგვარი ფინანსური დაინტერესების გარეშე.

-რამდენად ხდება  კომისიების სხდომებზე გადაწყვეტილების მიღება?

-აბსოლუტურად იგივე ხდება, რაც საკრებულოს სხდომებზე. კომისიის სხდომაზე დასვამ კითხვას, პასუხი ასეთია - ჩვენ ეს გადაწყვეტილი გვაქვს კაბინეტში. კომისიის სხდომები არის ფიქცია და ყველაფერი წყდება მერის კაბინეტში. იშვიათად თუ რაიმე შეიცვალა, ეს იყო კონკრეტული დეპუტატის ინტერესის გათვალისწინებით.

-გამოდის, რომ საკრებულო მერის კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილებების გამფორმებელია, ეს ასეა?

-მე შემიძლია მიგიწვიოთ კომისიის სხდომაზე და გაჩვენოთ, აბა, ქალაქის მერიის მიერ შემოტანილი რაიმე საკითხი თუ შეიცვლება. იმდენად არასერიოზული დამოკიდებულებაა, რომ დეპუტატებს მაგიდაზე დოკუმენტებიც კი არ უდევთ. გადახედეთ საკრებულოს სხდომაზე,  ცარიელ მაგიდებთან სხედან. იმიტომ, რომ უმეტესობა მხოლოდ ხელის ასაწევად დადის საკრებულოს სხდომაზე,  არ ვამბობ ყველაზე.

-ახლა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება.  რამდენადაც მახსოვს, გასულ წელს საკრებულოს ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოუთხოვია, წელს როგორია მოლოდინი?

-მე შარშანაც მქონდა ჩემი მოსაზრებები, რომელიც გავუგზავნე ქალაქის მერს, მაგრამ არც ერთი არ გაითვალისწინეს. წელსაც მექნება ჩემი წინადადებები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.  თუმცა ეს ბიუჯეტიც იქნება ისევ და ისევ კონკრეტულ ადამიანებზე მორგებული, როგორც ეს გააკეთეს 2016 წელს. მკვდარ პუნქტებში ჩადეს თანხები, რომელიც, როგორც დავინახეთ, ხელუხლებელი არის დღესაც და შემდეგ ხდება ამ თანხების მათთვის საინტერესო მიმართულებით გადატანა.  

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა