|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნატო ქათამაძემ ხელფასის, დანამატისა და პრემიის სახით 84 ათასი ლარი აიღო?

პრემიები და სახელფასო დანამატები ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების დაპირისპირების მიზეზი ხდება. ჯერ კიდევ საკრებულოს სხდომაზე დაწყებული დავა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში გაგრძელდა. "რესპუბლიკელმა" ნატო ქათამაძემ "ლეიბორისტი" სამსონ გუგავა პრემიის მიღება გამო გააკრიტიკა. ქათამაძის განცხადებით, დეპუტატებმა, მათ შორის გუგავამ, პრემია არაფრის კეთებაში მიიღეს. თავის მხრივ, გუგავამ განაცხადა, რომ ქათამაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწის პოსტზე ყოფნის დროს ხელფასს, დანამატსა და პრემიებს ერთდროულად და რეგულარულად იღებდა.

აღნიშნულ საკითხზე "ნიუპრესი" დეპუტატებს დაუკავშირდა. სამსონ გუგავამ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, ნატო ქათამაძეს არ აქვს მორალური უფლება სხვა გაკიცხოს, მაშინ, როდესაც თავად ყოველთვიურად იღებდა პრემიას.

 "ამ ხელისუფლების მადიდან გამომდინარე, გამონაკლისი არც ნატო ქათამაძეა. ის მუშაობდა პარლამენტში, იყო თავმჯდომარის თანაშემწე, შესაბამისად, მასზე ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავად მოხელის თანხმობის გარეშე, არის კონფიდენციალური და არა საჯარო. კარგი იქნება, თუ  მისი თანხმობით გამოითხოვთ ინფორმაციას, სადაც აღმოაჩენთ, რა თანხები აქვს აღებული. მე ხელთ მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელმაც გამოაქვეყნა 2012–2013 წლების პარლამენტის წევრთა და თანამშრომელთა სახელფასო დანამატისა და პრემიების ანალიზი, სადაც ვნახულობთ, იგივე თანამდებობის პირის, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე, ყოველთვიური  სახელფასო სარგო,  დანამატი და პრემია  ჯამში ცდება 3 500 ლარს. როგორც ვიცით, ქალბატონი ნატო დაახლოებით ორი წელზე მეტი მუშაობდა პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში თანაშემწის პოსტზე, ეს არის მინიმუმ 24 თვე და თუ გავამრავლებთ 3 500 ლარზე, მივიღებთ სადღაც 84 000 ლარს",– აცხადებს გუგავა და ოპონენტს სთხოვს აუხსნას საზოგადოებას ამ თანხის საფასური რა საქმე გააკეთა.

"იქნებ ახსნას ქალბატონმა ნატომ, რა გააკეთა 80 ათასი ლარის კი არა, თუნდაც 80 ლარის ქვეყნისთვის, ქალაქისთვის, განსხვავებით ჩვენგან, რომლებიც დღე და ღამ ვდგავართ ხალხის სამსახურში. ვარ არჩეული საკრებლოს წევრი, ფრაქციის თავმჯდომარე და წელიწადში ერთხელ მაქვს აღებული პრემია, რაც შესაბამისია ჩვენი საქმის, განსხვავებით  ურცხვი თანამდებობის პირებისა, რომლებიც უხვად ირიგებენ პრემიებს. ქათამაძე იტყუება და მე მადანაშაულებს, მაშინ, როდესაც ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 84 000 ლარით აზარალა ქვეყანა. თუ ის გულწრფელია, ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, მაშინ გამოაქვეყნოს თავის პირადი სახელფასო, სადანამატო და საპრემიო ჯამური მონაცემი პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწედ ყოფნის პერიოდში, "–განაცხადა გუგავამ.

"ლეიბროსტი" დეპუტატის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს ნატო ქათამაძე და აცხადებს, რომ ყველა აბსურდულ ბრალდებაზე კომენტარს არ გააკეთებს.

"ვიღაცა რაღაცა სისულელეს იტყვის,  არ გამოვეკიდები და არ გავაკეთებ კომენტარს, თუ უნდა მოიძიოს ინფორმაცია და გააჟღეროს.  როდესაც "ლეიბორისტებში" გადასვლას მთავაზობდა, მაშინ არ მქონდა 80 000 აღებული? მას შალვა ნათელაშვილის სინდრომი დაემართა, როდესაც აცხადებდა, ის თუ ივანიშვილი პრემიერად დანიშნავდა, კარგი იყო და თუ არა,  ცუდი. სამსონს, რომ ავყვე, ისეთი უნდა ვიყო. ამიტომ ამ სისულლეზე კომენტარს არ ვაკეთებ. გამოითხოვონ ინფორმაცია და მივაწოდებ. მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რამდენი ძაღლი დაყებს, ყველას თუ ქვა ესროლე, მიზნამდე ვერ მიხვალ",–განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა