|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძე: „ნაციონალებს“ არ უნდა მივცეთ საშუალება ქუთაისის ინცინდენტი თავის სასარგებლოდ გამოიყენონ“

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე  19 დეკემბერს, ქუთაისში მომხდარი ინცინდენტის პროვოცირებას „ოცნების“ მხრიდან  უარყოფს. სანიკიძის თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში ჩამოსული პრეზიდენტისა და უმცირესობის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი კოალიციის ქუთაისის საარჩევნო შტაბის მიერ იყო ორგანიზებული. სანიკიძის თქმით, ინცინდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდნენ კოალიციის მომხრეები, თუმცა შემთხვევა მათი ორგანიზებული არ იყო. 

„გაჟღერდა ჩემი სახელიც. ჩემმა კოლეგებმა უმცირესობიდან ახსენეს საარჩევნო შტაბის უფროსებიც, თუმცა კონკრეტული სახელები არ დაუსახელებიათ. მინდა განვაცხადო, რომ ქუთაისში, კოლიაციის საარჩევნო შტაბი არ არსებობს. კოალიციის სუბიექტები პარტიულ რეჟიმზე არიან გადასული. ზაზა მეთაფლიშვილი კი, რომელიც შტაბს ხელმძღვანელობდა, ქუთაისში არ ყოფილა კარგა ხნის განმავლობაში. კახი დვალიშვილი,  რომლის სახელიც ასევე გაჟღერდა, გიორგი თევდორაძეს დაეხმარა, რომ მანქანამდე მისულიყო და ტერიტორია დაეტოვებინა “ - ამბობს სანიკიძე.

სანიკიძის შეფასებით, ის, რაც გუშინ მოხდა, ძალიან ცუდი მოვლენა იყო. მისი თქმით,  მომხდარს ასევე გმობენ  „ქართული ოცნების“ დეპუტატები, პარლამენტის თავმჯდომარე და  ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

სანიკიძის თქმით,  თქმით, მსგავსი შემთხვევები „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. სამაგიეროდ, ცუდ დღეში აგდებს ქვეყანასა და მის იმიჯს. ამიტომ, დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ ამგვარი შემთხვევები „ნაციონალებმა“ თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. 

„ქართული ოცნება“ არ არის გასამხედროებული ორგანიზაცია,  რომ  ვინმეს რამე დაუშალოს. უმცირესობის წევრებს ვთხოვ, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან თავი შეიკავონ. ანალოგიური თხოვნა მაქვს მოქალაქეების  მიმართ, თორემ შეიძლება ამგვარმა ქმედებებმა უკონტროლო ვითარებამდე მიგვიყვანოს,“ - ამბობს სანიკიძე.

ქუთაისის მაჟორიტარის განცხადებით, აუცილებელია მომხდარი სამართალდამცებმა გამოიძიონ. სანიკიძის თქმით, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ქუთაისში ჩამოსული პრეზიდენტი მოქალაქეთა პროტესტის გამო, „ნაციონალების“ ოფისიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. რადგან ადგილზე პრეზიდენტის გადადგომის მომხრეები იყვნენ მობილიზებული, რაც მხარეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა