|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მძღოლები ავტოსადგურის გაუქმებას ითხოვენ

ქუთაისში მომუშავე მძღოლები ხელისუფლებისგან სატრანსპორტო სფეროში შექმნილი ქაოსის მოგვრებას ითხოვენ. თუმცა, შეხვედრა რომელიც მხარეებს შორის დღეს გაიმართა უშედეგოდ დასრულდა.

მძღოლებმა კონკრეტული პასუხი ვერც იმერეთის  მხარის ვიცე–გუბერანატორ გოჩა თევდორაძისა  და ვერც ქალაქის მერის, ბესო ბრეგაძისგან მიიღეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ მოლაპარაკებამდე, მძღოლებმა თავიანთი მოთხოვნები ქუთაისის მერიის წინ დღეს გამართულ აქციაზე დააყენეს. საუბარია,  სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ მძღოლებზე, რომლებიც მგზავრების  გადაყვანას სხვადასხვა რაიონებსა და ქალაქებში უზრუნველყოფენ.

მერიის შენობის წინ  შეკრებილმა 100–მდე მძღოლმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებარე სავაჭრო ცენტრის „იბერიის ვარსკვლავის“ დაქვემდებარებაში არსებული ახლადგახსნილი ავტოსადგურის არსებობა გააპროტესტა.

„იბერიის ვარსკვალავი“ უკვე წლებია  ახორცილებს ჩვენს შევიწროებას უკანონო ავტოსადგურის გახსნით. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ სადგურს არანაირი ლიცენზია და ნებართვა არ აქვს.  თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობა ამ უკანონობას მაინც უშვებს. რადგან,  მის უკან თავად დგანან“, –  განაცხადეს აქციის  მონაწილეებმა.    

„ჩვენ მოთხოვნა არის, რომ გაუქმდეს ეს უკანონო სადგური  და პროფესიონალ მძღოლებს მოგვეცეს მუშაობის უფლება“, – განმარტა აქციაზე ერთ–ერთმა მძღოლმა  გურამ ქობულაძემ.

მერიის ადმინისტრაცული შენობის წინ შეკრებილი  მძღოლები ქალაქის მერთან და ვიცე–გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვდნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა  განმარტეს, სწორედ ვიცე–გუბერნატორი გოჩა თევდორაძე ლობირებს  „იბერიის ვარსკვვალვს“ და შესაბამისად,  უკანონოდ გახსნილ ავტოსადგურს.

„ამათ უკან დგას ვიცე–გუბერნატორი. ამიტომაც, ვალდებულია ყველა უკანონობას გასცეს პასუხი და ასევე, ეს უკანონობა იყოს აღკვეთილი. კარგად ვიცით, რომ ქალაქის ახლადანიშნული მერი ამ საკითხებში არაფერ შუაშია არ არის, მაგრამ როგორც ქალაქის თავი მისგანაც  ვითხოვთ გარანტიას უკანონობის აღკვეთის თაობაზე“, – განმარტეს მძღოლებმა.

„ქუთაისის ცენტრალურ ავტოვაგზალის“ მძღოლები  ადგილობრივი თვითმმართველობისგან სატრანსპორტო სფეროში არსებული ქაოსის მოგვარებასთან ერთად,  სადგურთან მშენებარე სავაჭრო ცენტრის სამშენებლო საკითხების  გამოძიებასაც მოითხოვენ. როგორც ისინი მიიჩნევენ, ოთხი წლის წინ დაწყებული მშენებლობა არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს. „რის გამოც, სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე სამი თვის წინ რამდენიმე მუშა დაზიანდა. ვინმე ხომ უნდა აგოს პასუხი ამდენ უკანონონაზე ?!“ – აცხადებენ მძღოლები.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მისულმა ვიცე–გუბერნატორმა გოჩა თევდორაძემ  მძღოლები ასე „დაამშვიდა“: „მე აქ ვხედავ, რომ ვიღაცეებს სურთ სადგურის მონოპოლია. ეს არის კერძო კომპანიების დავა, რომელიც სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გაარკვიონ“, – აღნიშნა გოჩა თევდორაძემ.  ხოლო,  მისი მისამართით გახმოვანებულ ბრალდებაზე განმარტა, რომ: „ერთი თვეა ვიცე–გუბერანატორად  დავინიშნე და თურმე წლების წინ დაწყებულ მშენებლობებს ვლობირებ. მინდა იცოდეთ, რომ ყველა მშენებლობას, ყველა სასიკეთო წამოწყებას რაც კი ქუთაისში ხორციელდება მე მართლაც ვლობირებ. მათ შორის, რუსთაველის ქუჩაზე და აღმაშენებლის გამზირზე ბინათმშენებლობას“.

კონკრეტული პასუხი  მძღოლებმა დღეს  ვერც ქალაქის მერისგან მიიღეს.  „საქალაქთაშორისო, სარაიონთაშორისო  და საერთაშორისო ტრანსპორტის რეგულირებას ცენტრაული ხელისუფლება,  ამ შემთხვევაში ტრანსპორტის დეპარტამენტი  ახდენს. ამდენად ეს საკითხები თვითმმართველობის კომპეტენციას სცილდება. რაც შეეხება, მშენებლობის საკითხს, მას  თვითმმართველობა კომპეტენციის ფარგლებში უახლოეს დღეებში მოაგვარებს “, – განუმარტა მერიის თეთრ დარბაზში საგანგებოდ შეკრებილ აქციის მონაწილეებს ბესო ბრეგაძემ.

შეხვედრიდან გამოსული მძღოლების განმარტებით, ისინი არ გაჩერდებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა