|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტს დაზვერვის სამსახური ერთმევა

დაზვერვის სამსახურის საქმიანობაზე სამთავრობო კონტროლი წესდება. შესაძლოა სამსახური საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში გადავიდეს. რის შემდეგაც ის  საქართველოს მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

პარლამენტში დღეს „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი შევიდა, რომელიც უმრავლესობის წევრს ირინე იმერლიშვილს ეკუთვნის.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული  საკითხების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის, ასევე, თანამდებობის პირთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილება ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს ექნება.

„რადგანაც საქართველოს დაზვერვის სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით  ნაწილში.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი დაზვერვის სამსახურის პრეზიდენტისათვის ჩამოცილებას პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხსნის. მისი თქმით, „პრაქტიკულად საპარლამენტო კონტროლს მიღმა რჩება ისეთი მნიშვნელოვანი დაწესებულებები როგორიც არის დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურები, რომელთაც საკმაოდ დიდი ბიუჯეტები, იარაღის ტარებისა  თუ სამძებრო ღონისძიებების  გატარების უფლება აქვთ. კანონპროექტთან დაკავშირებით  ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.  გადაწყვეტილება პოლიტიკურად არის მოტივირებული და რეალური გააზრება მას არ აქვს,“ - ამბობს ლევან ბეჟაშვილი. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა