|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონელი მოვაჭრეები პარლამენტს დახმარებას სთხოვენ

„ბიძინა, მარწუხებშია ზესტაფონი“, - ამ და მსგავსი ლოზუნგებით ზესტაფონელმა მოვაჭრეებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. მოვაჭრეები მუნიციპალიტეტში არსებული ძველი ბაზრიდან ახალ ბაზარში ხალხის იძულებით გადაყვანას აპროტესტებენ და პარლამენტის დახმარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ძველ ბაზარში მდებარე სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებზე ახალი ბაზრის მფლობელების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. კერძოდ,  როგორც მოვაჭრეები განმარტავენ, მათ ნაწილს საკუთრება დაუნგრიეს და ახლის აშენებას დაპირდნენ, თუმცა მოატყუეს. დარჩენილი ნაწილის საკუთრებას კი დასანგრევად ამზადებენ.

„რაიონში არ არის სიმართლე და ქაოსია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ძველი ბაზარი დარჩეს და ახალმა სავაჭრო ცენტრმაც გააგრძელოს მუშაობა. უნდა შეწყდეს ზეწოლა მოვაჭრეებზე და მძღოლებზე, რომლებსაც ძველ ბაზარში შესვლა უნდათ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე მაყვალა ცხადაძე.

მოვაჭრეების განცხადებით, მათ დახმარებისთვის ზესტაფონის ხელმძღვანელობას მიმართეს, თუმცა  პასუხად ის მიიღეს, რომ პრობლემა მათ არ ეხებოდათ. მოვაჭრეეების დახმარება ვერც მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა გოგი ქავთარაძემ შეძლო. პარლამენტთან  შეკრებილი  მოვაჭრეები კი საკანონმდებლო ორგანოდან  ნებისმიერ პირთან შეხვედრას ითხოვდნენ.

„ისეთი ადამიანი გამოვიდეს, ვინც გვეტყვის, რომ ჩვენი საკითხით დაინტერესდება. ვითხოვთ, რომ ძველ  ბაზარში დროებით შემოვიდეს სახელმწიფო მმართველი, ვიდრე გამოძიება დაიწყება და სიმართლე გაიკრვევა,“ - ამბობენ მოვაჭრეები.

აქციის ორგანიზატორებს შეხვედრას პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე დაპირდა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა