|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოცნებამ" ქუთაისის მერიის წინააღმდეგ პროცესი წააგო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. „ოცნების“ დავა ქუთაისის მერიისა და მისი სამსახურების წინააღმდეგ, სასამართლომ დღეს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დაასრულა.

კოალიციამ გაერთიანების ახალგაზრდული ფრთის აქციის დაშლასთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 4 მაისს შეიტანა. საქმე ეხება, მიმდინარე წლის 1 მაისს, ქუთაისში მომხდარ ინციდენტს როდესაც, კოალიციის წევრების განცხადებით, ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურმა მათ მიერ მოწყობილი აქცია წყლის წავლით დაშალა. აქციას „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მართავდა.

„მოსამართლე გენადი მაკარიძემ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომ  საზოგადოებას დაანახა სასამართლოს უსამართლობა. მოსამართლე ძალიან წვალობდა ამ გადაწყვეტილების მიღების დროს,“ - განაცხადა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა ნატო ქათამაძემ დღეს, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართლ სხდომას კოალიციის ქუთაისის ოფისის ლიდერებთან ერთად, ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „ოცნების“ ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის იურისტი გიორგი ჭიქაბერიძე იცავდა. ქუთაისის  მერიას კი იურისტი ირაკლი გიორგაძე, დასუფთავებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები წარმოადგენდნენ. სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების სახით მხარეებმა ფოტო და ვიდეო მასალა წარმოადგინეს.   

 გიორგი ჭიქაბერიძემ განმარტა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს მშვიდობიანი აქციის ჩატარებას. წყლის ჭავლი კი მისი  მარწმუნებლების მისამართით იყო მიმართული.

„საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხარეთა ახსნა-განამრტებები ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს იძლევა. ვიდეო მასალაში ნათლად ჩანს, რომ დასუფთავების მანქანები მოყვებოდნენ ჩემს მარწმუნებლებს. იქ ჩანს კონკრეტული მანქანები, თუმცა დროის მცირე მონაკვეთში ჩვენ ვერ შევძელით მათი მეპატრონეების დადგენა.  მერიის ერთ-ერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ დასუფთავების მანქანები იმყოფებოდნენ იქ და გზისა და მისი სავალი ნაწილის დასუფთავებას ახორციელებდნენ,“ - განაცხადა ადვოკატმა.

მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე კი განმარტავს, რომ არ არსებობს  მერიის მიერ გამოცემული არც ზეპირი და არ  წერილობითი განკარგულება, რომელიც  აქციებისა და მანიფესტაციების დაშლისაკენ არის მიმართული.

„თვითონ აქცია ატარებდა ისეთ ხასიათს, რომ არღვევდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს. აქციის მონაწილეები ვალდებული იყვნენ არ შეეშალათ ხელი ტრანსპორტის გადაადგილებისათვის, თუმცა ვიდეო მასალაში  სჩანს, რომ გადმოდიან გზაზე. მოსარჩელეები ხელს ადებენ მერიის ჩინოვნიკებს. ვიდეომასალში არ სჩანს მერიის თანამშრომლები. აქციის დაშლის  შესახებ გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, აქცია სამართალდამცავ ორგანოებს უნდა შეეწყვიტათ,“ - ამბობს ირაკლი გიორგაძე.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განმარტა, რომ  ამოსავალი იყო მხარეთა მტკიცებულებები. მისი თქმით, ვიდეომასალში ჩანდა, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები თავის მოვალეობას ასრულებდნენ. ქუთაისი ემზადებოდა ქალაქის დღესაწაულისათვის - 2 მაისისთვის და ქალაქი სუფთა უნდა ყოფილიყო.

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და  აცხადებენ, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

დღესვე, კოალიციამ შს იმერეთის  სამხარეო სამმართველოს მიმართა და მომხდარი ფაქტის გამოძიება მოითხოვა.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა