|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიტპატიმრების საქმეებზე კანონდარღვევით გამოტანილი ვერდიქტი

პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული პირები,  არასრულყოფილად  წარმოებული გამოძიება და ტენდენციური მართლმსაჯულება - ეს ის ძირითადი დარღვევებია, რომლებიც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“  პოლიტპატიმართა საქმეების სამართლებრივი ანალიზის   შედეგად დაადგინა.  შედეგების პრეზენტაცია ორგანიზაციამ დღეს ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატი 1003-ში“ გამართა.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით,  ანგარიშში  2011 წლის მაისის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების, ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორებისა და სხვა ცნობილი საქმეები მოხვდნენ.  ჯამში ორგანიზაციის ანალიზი  21 სისხლის და 12 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ეხება.

საიას  პროექტის ხელმძღვანელის ნინო გობრონიძის თქმით, სისხლის სამართლის საქმეების ანალიზმა კანონის არსებითი დარღვევები გამოკვეთა როგორც გამოძიების, ისე სასამართლოს მხრიდან.

„რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების განხორციელებას. ხშირად ხდებოდა ბრალდებულის კონსტიტუციური უფლებების უხეში დარღვევა, საქმის არასრულყოფილი გამოძიება, არადამაჯარებელი მტიცებულების წარმოდგენა სასამართლო  პროცესზე, ხოლო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს  ხშირ შემთხვევაში იარაღის,  ნარკოტიკის უკანონო ფლობისა ან პოლიცისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით აპატიმრებდნენ,“ - ამბობს გობრონიძე.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ საქმეებზე გამოვლენილ  დარღვევებს,  ის დაკავებულის უფლებების უხეშ დარღვევას, მის მიმართ ძალის გადამეტებას,  არასათანადო მოპყრობას,  დაცვის მხარის შუამდგომლობებზე  უარის თქმას,  არაპროპორციული სახდელების დაკისრებასა და პოლიციელთა  ჩვენების ცალმხრივად გაზიარებას  უკავშირდება.

როგორც საიას აღმასრულებელი დირექტორი  ეკა ფოფხაძე ამბობს, კვლევის შედეგები იმის თქმის  საფუძველს იძლევა, რომ  მასში მოხვედრილი ადამიანების მიმართ უფრო პოლიტიკური მოტივაცია არსებობდა, ვიდრე  მართლმსაჯულების ინტერესები.

ფოფხაძის თქმით,  პოლიტპატიმართა საქმეების  სამართლებრივი ანალიზის შედეგები  ორგანიზაციამ პარლამენტს გადაუგზავნა, რის შედეგადაც იმ 55 პირმა, რომლებსაც  საიას ანალიზი  ეხება, ამნისტიის კანონის ამოქმედების შემდეგ,  სასჯელაღსრულების დაწესებულებები დატოვეს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა