|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველმა სამომავლო გეგმები ქუთაისში გაახმოვანა

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დღეს, ქუთაისში მედია და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ორსაათიან შეხვედრაზე, რომელიც კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა, სახალხო დამცველმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ნანუაშვილის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს  მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომ სახალხო დამცველის აპარატს საპარლამენტო მდივანი ჰყავდეს. ასევე, დაგეგმილია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შექმნა და კონფლიქტურ ზონებში აპარატის მუშაობის გაძლიერება.

უჩა ნანუაშვილმა  შეხვედრაზე მედიის ადა არასამთავრობო ორგანიზაციების როლზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ადამიანთა უფლებების მაქსიმალურად დასაცავად,  აუცილებელია მედია და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა.

ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან მიმართებაში განხორციელებულ ზეწოლებზეც გააკეთა განცხადება. სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლის ძველ საქმეებზე ხელახალი გამოძიება დაიწყოს. „ამით უნდა შეიქმნას  პრეცედენტი, რომ დამნაშავემ პასუხი აგოს,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნანუაშვილმა, ასევე, სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისების გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მათ მეტი ავტონომია ინდა ჰქონდეთ,  იმისათვის რომ შეძლონ უფრო ეფექტური და აქტიური მუშაობა.

სახალხო დამცველი ამნისტიის კანონსაც შეეხო. მისი განცხადებით, ციხეებიდან პატიმრების გამოშვების შემდეგ, მართალია არსებობს კრიმინალის გაზრდის საშიშროება და რისკი, თუმცა, მისივე განცხადებით, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთაც ამნისტია შეეხო, ზედმეტად მკაცრი და არაადეკვატური სასჯელის გამო დააპატიმრეს. „მათ მიმართ თავის დროზე სხვა სანქციები უნდა ყოფილიყო გამოყენებული“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

,,ასეთი ტიპის შეხვედრა პირველად გაიმართა ქუთაისში.  ჩვენი მიზანია გავიცნოთ სამოქალაქო საზოგადოება, მათი მოთხოვნები და ერთიანი ფრონტით გამოვიდეთ იმისათის, რომ კიდევ უფრო კარგად და სრულფასოვნად იყოს დაცული ადამიანთა უფლებები. ასევე, მათი მოთხოვნები გააზრებული იქნას ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან,“ – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს  საქართველოს სხვა  ქალაქებშიც გამართავს. ხვალ, 23 იანვარს, უჩა ნანუაშვილის შეხვედრა ზუგდიდში შედგება, ხოლო 24 იანვარს შეხვედრა ბათუმში გაიმართება.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე, ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა