|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სტუდენტები სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვენ

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის ხარისხის  გაუმჯობესებას ითხოვენ. ამ მიზნით, დღეს  სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი ღავთაძეს შეხვდნენ.

შეხვედრა, რომელიც  სტუდენტური გაერთიანება „ალტერნატიული თაობის“  ორგანიზებით შედგა, უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართა.

გაუმჯობესდება თუ არა უნივერსიტეტში სწავლების დონე და იყო თუ არა პოლიტიზირებული 2012 წელს ლექტორების გათავისუფლება?  –   ეს ის ძირითადი შეკითხვებია, რომელზეც პასუხის გაცემა  დღეს უნივერსიტეტის რექტორს მოუხდა.

„მოვითხოვთ გაუმჯობესდეს სწვალების დონე და კონტროლი იყოს  ლექციებზე სტუდენტების დასწრების მხრივ. ასევე, გვაინტერსებს, იყო თუ არა პოლიტიზირებული  2012 წელს 60 ლექტორის გათავისუფლება“, – განმარტა შეხვედრაზე ერთ–ერთმა სტუდენტმა ლანა რუსეიშვილმა, რომელიც ამავე დროს,  „ალტერნატიული თაობის“ წევრია. მისივე განმარტებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი სწავლების დონის არაადექვატურია. „სწავლის გადასახადი უფრო მეტია, ვიდრე სწავლების ხარისხი“, – აღნიშნეს შეხვედრაზე სტუდენტებმა.

სასწავლებლის რექტორის, გიორგი  ღავთაძის  განმარტებით, უნივერსიტეტში სწვალის დონე ეტაპობრივად გაუმჯობესდება. თუმცა,  „ეს არ გვაძლევს, იმის თქმის უფლებას, რომ უნივერსიტეტში სწავლება არ არის. იმ სტუდენტებს, რომელთაც სწავლა უნდათ, უნივერსიტეტიდან ცოდნის წაღება ნამდვილად შეუძლიათ. სამწუხაროდ, ბევრი სტუდენტი აქ არა ცოდნისთვის, არამედ დიპლომისთვის მოდის“, –  განაცხადა შეხვედრაზე გიორგი ღავთაძემ.

როგორც რექტორმა განმარტა, განათლების ხარისხი არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მსოფლიოში სადაო საკითხია. „თუმცა, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, მაქსიმალურად მივცეთ ცოდნა სტუდენტებს  და სწავლების არსებული დონე გავაუმჯობესოთ“, –  განუმატა  რექტორმა სტუდენტებს.

რაც შეეხება, 2012 წელს 60 ლექტორის პოლიტიკური ნიშნით  გათავისუფლებას, ღავთაძე აცხადებს, რომ სტუდენტების მხრიდან ასეთი მიდგომა ძალიან ცუდია. „რადგან, ჯერ ერთი 60 ლექტორი არ გაგვინთავისუფლებია და არც პოლიტიკა არის რაიმე კავშირში ლექტორების მიღება–გათავისუფლებაში“, – ამბობს გიორგი ღავთაძე.    

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა