|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შიდა დაპირისპირება წყალტუბოს „ოცნებაში“

წყალტუბოში „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც კოალიციის რაიონული ორგანიზაცია უნდა დაფუძნებულიყო და თავმჯდომარე აერჩიათ, არ შედგა. აღნიშნულის მიზეზი „მეოცნებეებს“ შორის შიდა დაპირისპირება გახდა.

„ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის წევრის დარეჯან ფაილოძის თქმით, „ოცნების“ წყალტუბოს ოფისის თავმჯდომარის პოსტზე ისინი ჯეირან ლიპარტელიანის კანდიდატურას უჭერენ მხარს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში კოალიციის შტაბს ხელმძღვანელობდა.

როგორც ფაილოძე ამბობს, ჯეირან ლიპარტელიანი მანდატების ჩამოსატანად  თბილისში, კოალიციის ცენტრალურ ოფისში დაიბარეს, სადაც მასზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.

ფაილოძის თქმით, საგანელიძემ ლიპარტელიანს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის ძმის, ლაშა ნარჩემაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

„ნარჩემაშვილი 4 წელი ჩვენი მაჟორიტარი იყო და არაფერი გაუკეთებია. წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ რომ გვცემდნენ, ეგ თბილად იყო მოკალათებული. დავით საგანელიძე ლობირებს ნარჩემაშვილს. ჩვენ ვაპროტესტებთ მის დანიშვნას. „ნაციონალებმა“ „ოცნების“ შტაბში წინასაარჩევნოდ თავიანთი კადრები შემოგზავნეს. მათ გამო წავაგეთ არჩევნები. აღარ გვინდა, მოგვშორდნენ ესენი,“ - ამბობს დარეჯან ფაილოძე.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, „ნაციონალებმა“ კოალიციის წყალტუბოს შტაბში მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ნაციონალი“  წევრის, ლერი ნიჟარაძის ბიძაშვილი რომეო ნიჟარაძე შეაგზავნეს, რომელიც წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატის პაატა ზაქარეიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრებს უკეთებდა ორგანიზებას.

კოალიციის აქტივისტების განცხადებით, რომეო ნიჟარაძეს „ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობის სურვილი აქვს, რასაც ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ნიჟარაძეს „ნაციონალი2-ის“ სახელით მოიხსენიებენ.

თავად რომეო ნიჟარაძე „ნაციონალობას“ უარყოფს და აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი „ნაციონალების“ რეჟიმის მოშორება იყო.

„მე ჩემი საქმე შევასრულე ძალიან კარგად. პაატა ზაქარეიშვილს ჰკითხეთ ვინ არის წყალტუბოში რომეო ნიჟარაძე. მე ჯეირან ლიპარტელიანის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერ, რადგან მე თვითონ ვაპირებ კანდიდატურის დაყენებას,“ - ამბობს რომეო ნიჟარაძე. 

წყალტუბოს „ოცნებაში“ არსებული შიდაპარტიული გარჩევებისა და დაპირისპირების ფონზე, ამ დროისათვის უცნობია კოალიციის რაიონული ოფისის დაფუძნების თარიღი. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა