|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #33 სკოლაში მშობლებმა სასწავლო პროცესი ჩაშალეს

ქუთაისის #33 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჩაშლილი  იყო. აღნიშნულის მიზეზი სკოლიდან სასწავლო ნაწილის გათავისუფლება გახდა. სკოლის მოსწავლეთა მშობლები დირექტორისაგან ახსნა-განმარტებას მოითხოვენ და საქმის გარკვევის თხოვნით განათლების სამინისტროსათვის მიმართვას გეგმავენ.

მშობლების განცხადებით, თუ დირექტორი დიმიტრი კუტივაძე ირმა შველიძეს სამსახურში არ დააბრუნებს, ისინი კუტივაძის გათავისუფლების მოთხოვნასაც დააყენებენ.

ქუთაისის #33 სკოლის მშობლების განცხადებით, სასწავლო ნაწილი, რომელიც აღნიშნულ სკოლაში 9 წლის  განმავლობაში მუშაობდა, 24 იანვარს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

"დირექტორისაგან ახსნა-განმარტება ვერ მივიღეთ. ირმა შველიძე სკოლაზე გადაყოლილი იყო. ის რომ არ ყოფილიყო, დირექტორი აქამდე ვერ მოვიდოდა. ქალს სკოლისათვის საჭირო ყველა საქმე გააკეთებინა და შემდეგ გათავისუფლების ბრძანება დაუდო. მის ადგილას როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, დირექტორმა სრულიად გამოუცდელი კადრი, მისი ცოლის დაქალი დანიშნა. ჩვენ განცხადებას დავწერთ, ხელმოწერებს შევაგროვებთ და დირექტორის გათავისუფლებასაც მოვითხოვთ," - ამბობს მშობელი ირინე მახარაძე.

თავად ირმა  შველიძის თქმით, ის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე გაათავისუფლეს, რაც შრომითი ხელშეკრულების შეჩერებას ახსნა-განმარტების გარეშე ითვალისწინებს.

"არ ვიცი როგორ მოვიქცევი. დირექტორმა რომ გადაწყვიტოს ჩემი სკოლაში დაბრუნება, ახლა უკვე წარმოუდგენლად მიმაჩნია მის გვერდით მუშაობა.   ჩემი გამარჯვება ის არის, რომ ამდენმა მშობელმა, მოსწავლემ და მთელმა კოლექტივმა მხარი დამიჭირა," - ამბობს ირმა შველიძე.

სკოლის დირექტორმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. მშობლები კი აცხადებენ, რომ თუ სასწავლო ნაწილს სკოლაში არ აღადგენენ, ისინი  პროტესტის ნიშნად სკოლიდან ბავშვებს წაიყვანენ.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა