|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკამებისათვის დაწყებული განხეთქილება "ოცნებაში"

წყალტუბოში, კოალიცია „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კობა ნარჩემაშვილის ძმა ლაშა ნარჩემაშვილი დღეს ხმაურის ფონზე აირჩიეს, ხოლო ხონში ყრილობა „მეოცნებეების“ ორ ფრთას შორის არსებული დაპირისპირების მიზეზით გადაიდო.

წყალტუბოში, კოალიციის რაიონული ოფისის ხელმძღვანელობის მსურველი სამი კანდიდატიდან ორმა კანდიდატურა ყრილობის დღეს მოხსნა. მათი მომხრეების განცხადებით, რაიონული ორგანიზაციების დაფუძნების პროცესი თბილისიდან იმართება. ხოლო ლაშა ნარჩემაშვილს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ლობირებს.

„ოცნების“  წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე  ლაშა ნარჩემაშვილის კონკურენტები რომეო ნიჟარაძე და ჯეირან ლიპარტელიანი ყრილობაზე არ გამოჩენილან. სამაგიეროდ მათი მხარდამჭერები აქტიურობდნენ, რომლებმაც კონფერენცია არალეგიტიმურად გამოაცხადეს. ისინი ყრილობაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა მანდატების არ ქონის მიზეზით მათ უარი განუცხადეს, რის გამოც საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა.

„მეოცნებეებს“ შორის ფიზიკური შეხლა–შემოხლა ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა აღკვეთეს. 

„სირცხვილი წყალტუბოს. „ნაციონალები“ ირჩევენ წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს. ნარჩემაშვილს „ნაციონალები“ ჰყავს დარბაზში შეკრებილი. ნარჩემაშვილმა თავისი მომხრეები გუშინ გეგუთში დაიბარა და მითითებები მისცა,“ – ამბობდნენ კონფერენციის მიღმა დარჩენილი „მეოცნებეები“.  

თავად ლაშა ნარჩემაშვილი „ნაციონალებთან“ კავშირს უარყოფდა.

„9 წელია ოპოზიციაში ვარ. ამ საკითხის სერიოზულად განხილვა შეუძლებელია. ეს ყველაფერი არის პარტიული უდისციპლინობა. ყველა უნდა დაემორჩილოს პარტიულ დისციპლინას. ვინც არ დაემორჩილება, მისი ადგილი ჩვენთან არ არის. ჩვენ ვაპირებთ მომავალში აქტიურად ვიმუშაოთ და ავაშენოთ პარტია, რაიონული ორგანიზაცია,“ – ამბობს ლაშა ნარჩემაშვილი.

კოალიციის რაიონული ოფისის დაფუძნებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესი დღეს ჩაიშალა ხონში. „მეოცნებეთა“ ერთმა ჯგუფმა თავმჯდომარის პოსტზე თბილისიდან გამოგზავნილ კადრს ოთარ მუშკუდიანს და მის მომხრეებს იმ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, სადაც ყრილობა უნდა ჩატარებულიყო.  მათი თქმით, ისინი მუშკუდიანს არ იცნობდნენ და ვერ მიიღებდნენ. სამაგიეროდ,  თავმჯდომარედ თავიანთი კანდიდატის ნიკოლოზ სანოძის დანიშვნას ითხოვდნენ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ხონში  კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.  სანოძის მხარდამჭერებმა შენობის წინ აქციაც მოაწყვეს შემდეგ ლოზუნგებით: „ძირს „ქართული ოცნების“ ქურქში გახვეული „ნაციონალები“, „დავით საგანელიძე ხონს მზითევში არ გაგატანთ“ და „ბობოხიძეები ხონში საგანელიძის სიდედრმა ჩაანაცვლა“.

ხონში არსებული დაძაბული ვითარების განსამუხტად, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები. ოთარ მუშკუდიანის განცხადებით, ადამიანების იმ ჯგუფს, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ნიკოლოზ სანოძე მართავდა. 

„დავით საგანელიძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით კურირებს ამ პროცესს. წინასაარჩევნო პერიოდში ხონში არ ვიყავი, თუმცა ხონელებისათვის უცხო არა ვარ, აქ ვარ გაზრდილი. რაც შეეხება საგანელიძესთან ჩემს ნათესაურ კავშირს, მისი მეუღლის დედა ჩემი ნათლიაა,“ – ამბობს მუშკუდიანი.

თავის მხრივ, მუშკუდიანის წინააღმდეგ მოქალაქეთა ამხედრებას უარყოფდა ნიკოლოზ სანოძეც.   მისი თქმით, კოალიციის აქტივისტების უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ გადაწყვეტილება გარკვეულმა, მცირე ჯგუფმა სარდაფში მიიღო და „მეოცნებეთა“ ძირითად ბირთვს ანგარიში არ გაუწიეს.

ხონში ყრილობის ჩატარების მორიგი თარიღი ამ დროისათვის უცნობია, თუმცა ნიკოლოზ სანოძის მომხრეები მომდევნო ყრილობის ჩაშლას არ გამოირიცხავენ იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა