|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის მოსახლეობა კუთვნილი მიწების დაბრუნებას მოითხოვს

ზესტაფონში, ადგილობრივი მოსახლეობა, მიწების გასხვისებას აპროტესტებს. ისინი, კუთვნილი მიწის ნაკვეთების დაბრუნებას მოითხოვენ.

ზესტაფონში, ჩხეიძის ქუჩაზე მცხოვრები 30–მდე ოჯახი, ჯერ კიდევ 1980–იანი წლებიდან, ქვეიჯარით ფლობდა 72 ჰექტარ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწასა და საძოვრებს, რომელიც სახელმწიფოსგან, 49 წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული ზესტაფონის აგრობიზნესისა და მენეჯერთა კოლეჯს. მოგვიანებით, ეს ფართობი შემცირდა და ოფიციალურად, კოლეჯის იჯარაში 32,8 ჰექტარი დარჩა, რომელიც გამგეობის ბრძანებით, 2000 წლის 8 მარტიდან, (#24 დადგენილების საფუძველზე) ასევე, იჯარით გაიცა. ახლა, მიწას ხუთი მესაკუთრე ჰყავს: ბერაძე, ზუმბაძე, ფერაძე, შარვაძე და ცინაძე.

„უაღრესად გაჭირვებული ხალხი ვართ. იმის საშუალება მაინც მოგვცენ, რომ ერთი ძროხა  ვიყოლიოთ და შვილიშვილები გამოვკვებოთ. მაგ ხალხის წასვლას ჩვენ არ ვითხოვთ, უბრალოდ გვინდა, რომ საარსებოდ მცირედი მიწის ნაკვეთი მოგვცენ. თხუტმეტი წლის განმავლობაში ტექნიკუმს ვუხდიდით თანხას. მისი დაშლის შემდეგ, მოიჯარეები დაეფულნენ ადგილებს. ადგილობრივ გამგეობას რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ ყურადღებაც კი არავის გამოუჩენია, არათუ,  ადგილზე მოსულიყვნენ და პრობლემა საკუთარი თვალით ენახათ.  მეპატრონეებს ვთხოვე, რომ საქონლისთვის წყლის დასალევი ადგილი მაინც დაეტოვებინათ, მაგრამ უარი მითხრეს. ეს ადგილები ჩვენ ვიყიდეთ და ტერიტორიაზე ვერ შემოხვალო. ვედრო ჩამოიკიდე კისერზე და ისე დაალევინე საქონლებს წყალიო. ხალხს მშიერს გვტოვებენ და არავის დახმარების იმედი არ გვაქვს,“ –აღნიშნავს ზესტაფონში მცხოვრები ლელა ხაჩატურიანი.

„თხუთმეტი წელი გვქონდა ეს ადგილები. თანხას 7-8 წლის განმავლობაში ვიხდიდით. შემდეგ თანხაზე აღარავინ მოსულა. ახლა, მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ეს ადგილები შევისყიდეთ და ჩვენიაო. ამდენი ხნის განმავლობაში, ეს მიწები ჩვენ გვეკუთვნოდა და თუ იყიდებოდა, ეთქვათ და ჩვენ შევისყიდიდით. ახლა, ისინი თავად ყიდიან ამ ადგილებს და კვადრატულს 4 ლარად აფასებენ. ამდენის გადახდის საშუალება კი ჩვენ არ გვაქვს. უმუშევრები ვართ. ჩემი ასაკის ადამიანს სამსახურს არსად აწყებინებენ. ოთხი წლის შვილიშვილი მყავს და ერთი ძროხის ყოლის საშუალებასაც კი არ გვაძლევენ. არსებობა ხომ გვინდა? პრეზიდენტის სახელზე განცხადებაც დავწერეთ, მაგრამ როგორც თქვენ არ წაგიკითხავთ, ისე არ წაუკითხავს, ალბათ,  მასაც,“ – ამბობს ზესტაფონის მკვიდრი ვარდო ჟორჟოლიანი.

მოსახლეობის სარგებლობაში არსებული მიწების გასასხვისებლად ელექტორაუქციონი, გასულ წელს ჩატარდა. შედეგად,  სახნავ–სათესი და საძოვარი მიწები გაიყიდა. დღეს, ქვემოიჯარეები მიწების დაბრუნებასა და იმ ფასში შესყიდვას ითხოვენ, როგორც მფლობელებმა იყიდეს.

,,ამის მეტი შემოსავალი მოსახლეობას არ გვაქვს. მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე ვართ დამოკიდებული. ნაკვეთით თვითონაც არ სარგებლობენ და არც ჩვენ გვასარგებლებენ. ორი წელია დაუხნავ–დაუთესავია. მხოლოდ, ერთი მოთხოვნა გვაქვს, მოგვცენ საშუალება, მინიმალურ საკომისიო ფასში შევისყიდოთ აღნიშნული ტერიტორიები. პრეზიდენტი გამუდმებით იმას გაიძახის, რომ სოფლის მოსახლეობას უნდა დავეხმაროთო. თუკი, ჩვენს ხმას მიხეილ სააკაშვილს მიაწვდით, გვინდა ვთხოვოთ, რომ იქნებ არსებობის საშუალება მოგვცეს“–ამბობს ნანული გვენეტაძე.

 „2000 მეტრი მიწის ნაკვეთი გვქონდა. შარშან, არც კი შეგვეკითხეს, ისე ჩამოგვართვეს. ამის გარდა, 400 კვადრატული მეტრი, კიდევ მქონდა. ახლა, ვითხოვ, რომ ის 400 კვადრატული მაინც დავიბრუნო. თუკი შესყიდვა გინდა, ოთხი ლარი გადაგვიხადე კვადრატულშიო. საიდან გადავიხადოთ ეს თანხა? გაჭირვებულები და უმუშევრები ვართ. ერთადერთი, რაც გვყავს საქონელია, მაგრამ საძოვრები წაგვართვეს. სად ვაბალახო ისიც კი არ ვიცი. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. გამგებელი ნანახიც კი არ მყავს“–აღნიშნა თამარ კაპანაძემ.

ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პასუხისმგებლობას იხსნიან და მედიასთან ურთიერთობას გაურბიან. მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი არაბიძემ newpress.ge-სთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა და საჯარო დაწესებულების დაკეტვის ბრძანება გასცა.

მოსახლეობა ამბობს, რომ აუქციონი ისე ჩატარდა, მათ არაფერი იცოდნენ. შესაბამისად, ადგილობრივი მცხოვრებლები,  ელექტროაუქციონის შედეგების გაუქმებასა და კუთვნილი მიწის ნაკვეთების დაბრუნებას მოითხოვენ. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა