|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში მცხოვრები დევნილები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან

ამ წუთებში, წყალტუბოში, სანატორიუმ "მეტალურგის" მიმდებარე ტერიტორიაზე, დევნილების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აფხაზეთიდან იძულებით გადააგილებული პირები, ელექტროენერგიის ჩართვას მოითხოვენ. რვა კოლექტიურ ცენტრში, ელექტროენერგია, დავალიანების გამო, დაახლოებით, სამი კვირაა, გათიშულია.

დევნილებმა, მინისტრის სახელზე დაწერილი მიმართვა გააჟღერეს, რომლითაც მინისტრს პრობლემის გადაწყვეტას პირადად თხოვენ. მიმართვას 400–მდე დევნილი აწერს ხელს.

"ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ის არის, რომ ათასობით ლარია დავალიანება მომწოდებელ კომპანიასთან. თუმცა, პრეზიდენტის ვიზიტისას, სასწრაფო წესით აღგვიდგინეს ელეტროენერგიის მიწოდება. წავიდა სააკაშვილი და შუქიც თან წაყვა. ყველა უწყებას მივმართეთ პრობლემის გადასაწყვეტად, მაგრამ რეაგირება არ არის. მივმართავთ დევნილთა და განსახლების სამინისტროს, რომ ელექტროენერგია შაგვირთონ და დაგვიფარონ დავალიანება. გაუსაძლისია ამ პირობებში არსებობა. გვაქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დანაზოგი გვქონდა. ვთხოვთ პრეზიდენტს, სანამ წყალტუბოს ააყვავებს, დევნილებს შუქი ჩაგვირთოს," – ამბობს დევნილი ლალი გრიგოლავა.

"არ გვეგონა, 21–ე საუკუნეში,  ისევ შუქის შესახებ თუ მოგვიწევდა ბრძოლა. ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, უნდა დაიწყოს წყალტუბოს აღორძინებაო. ჩვენ კი იმის უფლებაც არ გვაქვს, რომ შუქი გვქონდეს. მინდა სუბელიანს მივმართო თხოვნით, თუ არ შეწუხდება ჩამობრძანდეს და შეგვხვდეს. აგვიხსნას, თუ როგორ შეიძლება გაატარო ადამიანმა ზამთარი, ისე, რომ არც შეშა ჰქონდეს, არც გაზი და არც შუქი. არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით,"–აღნიშნა დევნილმა ნინო კვარაცხელიამ.

დევნილების თქმით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის წყალტუბოში სტუმრობისას, პირადად შეხვდნენ მას და პრობლემა აუხსნეს. დაპირების მიუხედავად კი, ამ დრომდე არავინ გამოხმაურებიათ. თუკი, პრობლემა არ გადაწყდება და კოლექტიურ ცენტრებში შუქი არ ჩაირთვება, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, პერმანენტული აქციებითა და სასამართლოსთვის მიმართვით იმუქრებიან. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა