|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ციხეში პატიმარმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა

ქუთაისის  #2 ციხეში პატიმარმა ლაშა ცუცქირიძემ პირი ამოიკერა.  პატიმარმა პროტესტის უკიდურეს ფორმას რამდენიმედღიანი შიმშილობის შემდეგ მიმართა. 

ცუცუქირიძის ადვოკატის თქმით, მას  გაუფრთხილებლობით ჩადენილი  ავტოსაგზაო შემთხვევისათვის  14 წელი აქვს მისჯილი  და უკვე რამდენიმე წელია ციხეში  ზის.  ადვოკატი ამბობს, ის ერთი კვირა სამარტოო საკანში ჰყავდათ ჩასმული იმის გამო, რომ  ციხის თანამშრომელს მიესალმა. 

„პატიმარი ციხეში არსებულ  გაუსაძლის პირობებს აპროტესტებს. ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაცია  მორალურ შეურაცხყოფას აყენებს პატიმრებს.  პატიმარს 10 დღე კბილი სტკიოდა, მაგრამ წამალიც არ მისცეს და არც ექიმთან შეახვედრეს.  მის გარდა კიდევ რამდენიმე პატიმარი შიმშილობს.  ლაშა ცუცქირიძემ  ლეიბზე  სხეულის მიკერებაც კი  სცადა,“ - ამბობს ცუცქირიძის ადვოკატი.

ლაშა ცუცქირიძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქუთაისის მეორე ციხეში არსებული ვითარებით დაინტერესებას სასჯელაღსრულების სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს სთხოვს.  გარდა ამისა, ცუცქირიძე დახურული ტიპის ციხიდან ნახევრად  ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანასაც ითხოვს.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე