|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სამუშაოს მაძიებელთა" საქმეზე პროკურატურა ჭიაბერაშვილსა და მერაბიშვილს დაკითხავს

„სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ ფარგლებში დასაქმებულ პირებს არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო აქტიურობისათვის მიიღეს.  ამის შესახებ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საოლქო პროკურორმა ილია ჯალაღანიამ განაცხადა.

ჯალაღანიას თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შტატგარეშედ, საქართველოს ყველა რეგიონში დამატებითი კონტრაქტები გაუფრომდა 21 837 პირს, რომლებსაც უნდა შეესრულებინათ მოქალაქეთა დასაქმებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო ღონისძიებები.

„გამოძიებით   გაირკვა, რომ აღნიშნულ პირებს სოციალური მომსახურების სააგენტოს მხრიდან შესასრულებელი სამუშაოების ირგვლივ არავითარი ინფორმაცია და დავალება არ მიუღიათ. მათ არც რაიმე ტრენინგი არ ჩატარებიათ და არც კითხვარები გადასცემიათ, რომლებიც პროგრამის  ფარგლებში უნდა შევსებულიყო. მიუხედავად ამისა, ყველა მათგანს ხელფასის სახით 240 ლარი დაერიცხა. სულ ამ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხულია 5 მილიონ 240 880 ლარი,“ - ამბობს პროკურორი.

ჯალაღანიას თქმით, გამოზიების ფარგლებში საქართველოს  ყველა რეგიონში მოწმის სახით  2 000-მდე პირი დაიკითხა, რომელთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამაში“ ჩართულმა პირებმა ხელფასი საქართველოს პრეზიდენტთან დაგეგმილ წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაში, პარტიული ბროშურების, ფლაერების,  სიმბოლიკის  დარიგებაში, პარტიული აგიტაციისა და პროპაგანდის განხორციელებაში მიიღეს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პროგრამის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაკითხვაზე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე არიან დაბარებული.  

შეგახსენებთ, რომ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა გასული წლის ივლისიდან საქართველოს 25 ქალაქში ხორციელდებოდა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე