|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის სასურსათო ობიექტებში უვარგისი პროდუქტები აღმოაჩინეს

იმერეთში არსებულ სავაჭრო და სასურსათო ობიექტებში პროდუქტების ნაწილი უვარგისია – ასეთ შეფასებას აკეთებენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკში“, რომელთაც რეგიონის მასშტაბით სურსათპროდუქტებზე მონიტორინგი განახორციელეს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ასოციაციამ მონიტორინგი მიმდინარე წლის იანვარში ჩაატარა. მონიტორინგი იმერეთის რეგიონში არსებულ სავაჭრო და სასურსათო ობიექტების 30–40 % ჩაუტარდა.

მონიტორინგის ფარგლებში დაახლოებით 50–მდე დასახელების სასურსათო პროდუქცია იქნა შემოწმებული, რომლის შედეგად მომხმარებელთა უფლებების კუთხით მთელი რიგი დარღვევები გამოიკვეთა.

ასოციაცია „ეტიკში“ აცხადებენ, რომ შემოწმებული პროდუქტების უმეტესობა ვადაგასული აღმოჩნდა, ასევე, დარღვეული არის შენახვის პირობები, ისევე, როგორც პროდუქციის წონა არ შეესაბამება ეტიკეტზე არსებულ მაჩვენებელს. გარდა ამისა, ზოგიერთ პროდუქტს საერთოდ არ გააჩნია ეტიკეტი.

„ძალიან დიდი დარღვევები გამოიკვეთა სანიტარული თვალსაზრისითაც, რომელთა გამოსწორებაზეც მივუთითეთ მეწარმეებს“ – ამბობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ექსპერტი ლუარა ჯალაღანია.

„ასევე, ბევრი მეწარმე უშვებს პროდუქტს, რომელსაც აწერია მხოლოდ შენახვის ვადა. თუმცა, მომხმარებლისთვის უცნობია, საიდან უნდა დაითვალოს ეს ვადა, ამიტომ, ესეც დარღვევაა. მივეცით გაფრთხილება ყველას, რადგან  ჩვენი მიზანი არ არის ვინმე დავსაჯოთ, ჩვენი მიზანია აღმოიფხვრას ეს დარღვევები და მომხმარებელთა უფლებები იქნას დაცული,“ – აცახდებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ პრეზიდენტი ამირან შენგელია.

„ეტიკში“ აცხადებენ, რომ თუკი მათ მიერ აღმოჩენილ დარღვევებს მეწარმეები არ გამოასწორებენ, უახლოეს სამ თვეში ისინი კონკრეტულ მეწარმეებსა და სავაჭრო ობიექტებს დაასახელებენ, რომლებიც მომხმარებელთა უფლებებს არღვევენ და უვარგისი პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებენ.

„ამჟამად პარლამენტი მუშაობს კანონზე, რომლითაც მომხმარებელთა უფლებები უნდა იქნას დაცული. ამ კანონის მიღების შემდეგ, გვქნება ბერკეტი, რომ ჩვენს მიერ აღმოჩენილი დარღვევების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, მეწარმეები დაისაჯონ,“ – აცხადებს ამირან შენგელია.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ უვარგისი პროდუქტის აღმოჩენისა და მომხმარებეთა უფლებების დარღვევის ფაქტზე მათთვის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ პირს შეუძლია ცხელი ხაზის  (0790 – 41 06 17) მეშვეობით, რომლებზედაც ორგანიზაცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე