|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოში „მეოცნებეები“ იზრდებიან

ქუთაისის საკრებულოში „მეოცნებეთა“ რიგები იზრდება.  საკრებულოს  წევრი, ყოფილი „ნაციონალი“ აკაკი სიხარულიძე საკრებულოს ფრაქცია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ უერთდება. აღნიშნულის შესახებ სიხარულიძემ  დღეს გააკეთა განცხადება.

აკაკი სიხარულიძის განცხადებით, ის დღეს ხედავს აუცილებლობას იმ ძალას შეუერთდეს, რომელსაც სიახლეები და ქვეყნის მშენებლობა უნდა.

„მე დღეს გავაკეთე სიტყვიერი განცხადება. დღეს ოფიციალურად მივმართავ ფრაქციას განცხადებით და თუ საჭიროდ ჩათვლიან ჩემს კანდიდატურას, მიმიღებენ. ოთხშაბათს, საკრებულოს სხდომაზე გავა ეს საკითხი,“ - ამბობს სიხარულიძე.

აკაკი სიხარულიძე ქალაქის საკრებულოში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად „ნაციონალების“ კვოტით მოხვდა. ის ავტომშენებლის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარია.

სიხარულიძემ გასული წლის ნოემბერში „ნაციონალები“ დატოვა და საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სახელით საქმიანობდა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საკრებულოში ფრაქცია „ქუთაისის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა. აღნიშნული ფრაქცია ყოფილი „ნაციონალი“ და „ახლების“ კადრებით დაკომპლექტდა, ხოლო გასულ კვირაში ფრაქციამ სახელწოდება „ოცნების“ სასარგებლოდ შეიცვალა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა