|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტი ერთი დღისთვის?!

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები საკანონმდებლო ორგანოს ჩაბარების ვადებს ეჭვქვეშ აყენებენ. მუშების თქმით, 26 მაისს პარლამენტის გახსნის  მთელი სიმძიმე მათ კისერზე გადადის, რის გამოც არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა. 

„მუშები თავს იწყევლიან, აქ სად მოვედითო.  ბეტონის საფარი სამჯერ დავაგეთ, რადგან უხარისხო გამოდგა. ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო, „პრარაბები“ ჩვენ გვეჩხუბებიან, ხელობა თუ არ იცოდით, აქ რას მოდიოდითო. ერთი დღისთვის კეთდება ყველაფერი. 26 მაისისთვის როგორმე უნდა მოვასწროთ გახსნა.  რასაც გააკეთებენ, შემდეგ უნდა დაშალონ და  თავიდან გაკეთდეს,“ - ამბობენ მუშები.

26 მაისისთვის პარლამენტის მშენებლობის დასრულება ვერ წარმოუდგენია საქართველოს პრეზიდენტსაც. მე ვიყავი რამდენიმე დღის წინ პარლამენტის მშენებლობაზე, ისევე როგორც სულ დავტრიალებ თავზე ამ მშენებლობას და ვკითხე მშენებლებს: ამიხსენით, ეს შენობა 26 მაისს როგორ უნდა დამთავრდეს? რადგან  მე არ მესმის ეს შენობა 26 მაისს როგორ უნდა დამთავრდეს. მაგრამ მე ზუსტად მესმის, რომ არ დამთავრდეს არ შეიძლება და მგონი თქვენც გესმით ეს ყველაფერი,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2 მაისს ქუთაისში, განახლებული თეატრის შენობაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, 26 მაისისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზი უნდა გაიხსნას, რომელიც პლენარულ სხდომას უმასპინძლებს. გარდა ამისა, ამ დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო აღლუმის ჩატარებაც იგეგმება, რისთვისაც მშენებარე საკანონმდებლო ორგანოს წინ სცენის მონტაჟი დაიწყეს.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე